მარიამ ქვრივიშვილმა და იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩმა საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა ოქმის მოაწერეს ხელი.
საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. სხდომის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით.
მარიამ ქვრივიშვილმა სერბ კოლეგას საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ზრდის დინამიკა გააცნო, ასევე მიმდინარე მსხვილი სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი წარიმართა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დაწყების დაჩქარება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების პროცესში.
კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, განისაზღვრა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები.
საქართველოს მხრიდან საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა, ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში ლევან ბერიძემ.
კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ხაზგასმულ იქნა საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის მნიშვნელობა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტულ სფეროებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა
22.12.2025.18:14
„საქართველო-სერბეთის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობო კომისიის ფარგლებში სიღრმისეულად განვიხილეთ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან ერთად გამართა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დისკუსია ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული სფეროების და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების ირგვლივ წარიმართა და ისეთი საკვანძო სექტორები მოიცვა, როგორიცაა - ვაჭრობა, ეკონომიკა და ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სამოქალაქო ავიაცია, ენერგეტიკა, ტურიზმი, ასევე ინოვაციები და ტექნოლოგიები.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გავუსვა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (FTA) მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ერთობლივი განცხადების ხელმოწერის მნიშვნელობას.
„საქართველო მზადაა, გადადგას აუცილებელი მოსამზადებელი ნაბიჯები და წინ წაწიოს პროცესი სერბ კოლეგებთან მჭიდრო პარტნიორობით. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები 2026 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. შევთანხმდით, რომ ამ პროცესის დაჩქარება პრიორიტეტია და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერებაში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, კომისიის სხდომის ფორმატში სერბ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების შემდგომი განვითარების შესახებ, ასევე განახლებული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
„ჩვენ ასევე მივესალმებით სერბეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებას თბილისში მუდმივმოქმედი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ინსტიტუციური პლატფორმა იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავებისთვის. მომავალში სერბ პარტნიორებთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ველით და, ასევე, კონკრეტული შედეგების მიღწევას ყველა პრიორიტეტულ სფეროში", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.