მარიამ ქვრივიშვილმა და ბრაზილიის ელჩმა საქართველოში ორი ქვეყნის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილეს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კარლოს რიკარდო მარტინს სელიას შეხვდა. ელჩთან შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის გაღრმავების შესაძლებლობას. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 9%-ით გაიზარდა, ექსპორტი - 73%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 39% შეადგინა. შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი ვაჭრობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობები განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველოს დაინტერესებას ექსპორტის ზრდის მიმართულებით. კარლოს რიკარდო მარტინს სელიამ დაინტერესება გამოხატა პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობასა და ამ მიმართულებით დისკუსიების გაგრძელებაზე, რასაც ქართული მხარეც მიესალმება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორმა ქვეყანამ ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პარტნიორობის გასამყარებლად.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარტნიორობას ტურიზმის ინდუსტრიაში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, აღინიშნა, რომ 2024 წელს ბრაზილიიდან ვიზიტორთა რაოდენობა 38%-თ, ხოლო 2025 წელს - 25%-ით არის გაზრდილი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობის გაძლიერებაზე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, საზღვაო, საავიაციო და სხვა მნიშვნელოვან სექტორებში.
ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო. საქართველო ინვესტორებს საუკეთესო საინვესტიციო გარემოს სთავაზობს, რაც დასტურდება მსოფლიო ბანკის „B-Ready" ანგარიშითაც: საქართველო მე-2 ადგილზეა საოპერაციო ეფექტურობით, მე-3 ადგილზე მარეგულირებელი ჩარჩოთი, ხოლო მე-6 ადგილზე - საგადასახადო სისტემით. ხაზგასმით აღინიშნა ისიც, რომ საქართველო უზრუნველყოფს წვდომას 2.3 მილიარდიან ბაზრებზე საბაჟო გადასახადების გარეშე, ასევე აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა წამახალისებელ მექანიზმებს, მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, დამატებით საგადასახადო შეღავათებს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში და სპეციალურ საშეღავათო პირობებს IT კომპანიებისთვის. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ქართული მხარე იწვევს ბრაზილიელ ინვესტორებს, განიხილონ ინვესტირების შესაძლებლობები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა წარმოება, ლოგისტიკა, განახლებადი ენერგია, სასტუმრო ბიზნესი, უძრავი ქონება და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კარლოს რიკარდო მარტინს სელიასა და მარიამ ქვრივიშვილს შორის გამართულ შეხვედრაში ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გივი ზედელაშვილი მონაწილეობდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით 26 ქართული კომპანია Gulfood-ზე წარსდგა
სხვა სიახლეები
თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა
28.01.2026.16:34
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ს გენერალურ მენეჯერად დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია Business Insider Georgia-ს თავად თორნიკე ზირაქიშვილმა დაუდასტურა. აქამდე ზირაქიშვილი Eagle Hills Georgia-ში სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Eagle Hills საქართველოში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციით ორი უმსხვილესი პროექტის განხორციელებას გეგმავს. საინვესტიციო პროექტები თბილისსა და გონიოში განხორციელდება. თბილისის ცენტრში Eagle Hills-მა გაყიდვების ოფისი გასულ წელს გახსნა.
Eagle Hills Properties-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარი ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ანტრეპრენერია, უძრავი ქონების სფეროში 30-წლიანი გამოცდილებით. ალაბარი აგრეთვე Emaar Properties-ის დამფუძნებელია - კომპანია, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, ბურჯ ხალიფა, და ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სავაჭრო ცენტრი, დუბაი მოლი, ააშენა. სწორედ ამ პროექტებმა დუბაის თანამედროვე ურბანული ცხოვრების სტილი საერთაშორისო მასშტაბით ხელახლა განსაზღვრა.
ადამიანზე ორიენტირებული და გამორჩეული კომპლექსები, რომლებიც არა მხოლოდ ორგანულად ერწყმის ქალაქის ურბანულ ქსოვილს, არამედ აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკას — ეს არის მოჰამედ ალაბარის ხედვა და მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ.
Eagle Hills Properties-ის პროექტები უკვე 12-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის სერბეთში, ლატვიაში და ახლა უკვე საქართველოშიც. თითოეული კომპლექსი ხასიათდება მდგრადი განვითარებითა და თანამედროვე, ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით.