მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნეს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე გააკეთა
„ჩვენ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ საჰაერო დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ვამაყობთ იმით, რასაც მივაღწიეთ B2B და სამთავრობო დონეზე. 2025 წელს ყველა იმ მიღწევამ, რომელიც ავიაციასა და სატრანსპორტო სექტორში გვაქვს, ყველა რეკორდი მოხსნა - ჩვენმა სამმა საერთაშორისო აეროპორტმა მართლაც რეკორდული რაოდენობის, 8.5 მლნ მგზავრს უმასპინძლა. მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო ნამდვილად გაძლიერდა, რაც თავის მხრივ, აძლიერებს ამ კომპანიების მდგომარეობას, ისინი იზრდებიან საქართველოს ბაზარზე", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნეს ფორუმზე გამოსვლისას.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის, კერძოდ, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე პროექტებზე და განსაკუთრებული ყურადღება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტზე გააკეთა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა კომპანია TAV-თან მრავალწლიან პარტნიორობას, რომლის ფარგლებში, სახელმწიფოსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება 2032 წლამდე გაგრძელდა და ოპერატორი 2027-2031 წლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მეშვიდე ბიზნეს ფორუმი წინანდალში გაიმართა. ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).
სხვა სიახლეები
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს - ინგა ფხალაძე
26.02.2026.17:57
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინგა ფხალაძის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და იტალიურ საკონსულტაციო კომპანია „CESI"-ის შორის ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს.
„ხელშეკრულების თანახმად, მოხდება შავი ზღვის ფსკერის კვლევა, რაც გულისხმობს ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც განსაზღვრას, თუ რა სახით განლაგდება კაბელის ზღვის ფსკერზე. გარდა ამისა „CESI"-ს უკვე ჩატარებული აქვს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამაც დაადასტურა, რომ ის ამ მაჩვენებლებით შესრულებადია. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ნამდვილად იფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში ენერგეტიკულ ჰაბად, რაც საქართველოსა და ევროპას, სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც ერთმანეთთან დააკავშირებს", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ხელშეკრულება გულისხმობს სატენდერო სამუშაოებისთვის დიზაინის და ზუსტი ჩამონათვალის განსაზღვრას, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება ტექნიკური კომპანიისთვის, რომელიც შავი ზღვის ფსკერის კვლევის სამუშაოებს შეასრულებს.
საქართველო-რუმინეთს შორის დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობას, ტრანზიტს, იმპორტსა და ექსპორტს ითვალისწინებს. ინგა ფხალაძე ხაზს უსვამს პროექტის დიდ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის - მისი შეფასებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს რეგიონს ახალ შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბია თავისი დანიშნულებით და ადგილმდებარეობით. აქამდე შესრულებული კვლევების თანახმად, 2029 წელს უნდა დასრულდეს ყველა სამუშაო, მათ შორის - ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური თუ ასევე სპეციალური ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება ამ აკვატორიაში. რაც შეეხება თავად პროექტს, 2032 წელს მან უკვე ფუნქციონირება უნდა დაიწყოს", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.