მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა" და სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მათ შორის, ხაზი გაესვა რა ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობას, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმართული იქნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს შესახებ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული თითოეული ადამიანის გამოცდილება, საქართველოსთან პირველივე შეხებისთანავე საერთაშორისო აეროპორტში იწყებოდეს მაქსიმალური სტუმარ-მასპინძლობით და კეთილგანწყობით. ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეჯერებული პოზიცია, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ პირველი შთაბეჭდილება მაქსიმალურად პოზიტიური ჰქონდეთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან საუბრისას მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახეზეა განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებსა და ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად მიანიშნებს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში მოგზაურობისადმი ინტერესის ზრდაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო ახალ წარმატებებს მიაღწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მილიონ-ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. ასევე ითქვა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის, ავიარეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით, რაც დაახლოებით 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.22:47
ნებისმიერი ის ინტერესი, რომელიც უკავშირდება რეგიონს და რეგიონში თანამშრომლობას, უნდა განხორციელდეს და შესაძლებელია, რომ განხორციელდეს მხოლოდ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, - ამის შესახებ - ასე ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად განაცხადა.
„რაც შეეხება კითხვას ევროპის ინტერესებთან დაკავშირებით, აქ ძალიან ცალსახაა, რომ ნებისმიერი ის ინტერესი, რომელიც უკავშირდება რეგიონს და რეგიონში თანამშრომლობას სატრანსპორტო თუ ენერგეტიკული მიმართულებით უნდა განხორციელდეს და შესაძლებელია, რომ განხორციელდეს მხოლოდ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამიტომ ხშირ შემთხვევაში საოცარია და ცოტა გასაკვირიცაა ის როდესაც საქართველო ამ შემთხვევაში არ არის ხოლმე განხილვის საგანი. იმიტომ, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და საქართველოს დადებითი პოზიციით ან წარმატებით განხორციელდება ეს პროექტები, ან ვერც ისე წარმატებით განხორციელდება. ამიტომ საქართველოს როლის შემცირება ვფიქრობ, რომ არის უბრალოდ გულუბრყვილობა. და მე ამაზე პირდაპირი პოზიცია მაქვს, ამ შემთხვევაში ნაკლებად დიპლომატიური ვიქნები, იმიტომ, რომ საქართველოს როლი ესმის ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და ვფიქრობ, რომ ევროკავშირისთვის ეს ძალიან გასაგებია და უბრალოდ ამის არ ხსენება არ არის მინიმუმ კორექტული“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.