მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების, მათ შორის JP Morgan-ის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური პროგრესი, რეფორმები, მსხვილი სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მთავრობის სტრატეგია ფინანსური სისტემის დივერსიფიკაციასა და კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას ითვალისწინებს, ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმებით კი უკვე შეიქმნა თანამედროვე ბაზრებისთვის აუცილებელი სამართლებრივი და ინსტიტუციური საფუძველი. აღნიშნული რეფორმების სისწორეს ცხადყოფს ისიც, რომ ინვესტორებისგან გაზრდილია ინტერესი ქვეყნის მიმართ, მათ შორის მსხვილი პროექტების განხორციელების მიმართულებით.
სტრუქტურული რეფორმებიდან მინისტრმა ხაზი გაუსვა კაპიტალის ბაზრის რეფორმას, რომელიც საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგების შემდგომ, ახალ ეტაპზეა გადასული და მიმოიხილა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ხელშეწყობითაც კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეისთვის მიმოქცევაში არსებული ობლიგაციების მოცულობამ 2,7 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ბოლო წლებში გაორმაგებულ მაჩვენებელზე მეტია.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველომ წარმატებით გამოუშვა 500 მლნ აშშ დოლარის ევროობლიგაციები, რამაც გლობალური ინვესტორების მხრიდან დიდი დაინტერესება გამოიწვია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბაზარი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მთავრობა გეგმავს, გააძლიეროს როგორც კერძო კაპიტალის ფონდების, ასევე სხვა ალტერნატიული დაფინანსების ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობა.
მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრნენ.
სხვა სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში - JP Morgan-ის ეკონომისტი
25.03.2026.17:11
საქართველოს მიმართ ინვესტორთა ყურადღება დიდია, რადგან საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, ეროვნული ვალუტა სტაბილურია, ეროვნულმა ბანკმა კი მნიშვნელოვანი რეზერვები დააგროვა, - ამის შესახებ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია JP Morgan-ის ეკონომისტმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხამზა შარიფზოდამ ეროვნული ბანკის პრეზიდეტთან ნათია თურნავასთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე.
JP Morgan-ის ეკონომისტის განცხადებით, სებ-ის პრეზიდენტთან და საქართველოს ფინანსთა მინისტრთან საკმაოდ პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
„ინვესტორების მხრიდან საქართველოსადმი დიდი ინტერესია, რადგან თქვენი ეკონომიკა ძალიან კარგად ვითარდება, ვალუტა ძლიერია, ცენტრალურმა ბანკმა დიდი რეზერვები დააგროვა. შესაბამისად, ინვესტორები ინტერესდებიან როგორც შიდა ბაზრით, ასევე ევრობონდებით“, - აღნიშნა JP Morgan-ის ეკონომისტმა.
მისივე თქმით, აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ინფლაცია საქართველოში შედარებით დაბალია.
„ეროვნულმა ბანკმა კარგად შეინარჩუნა ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში. ფისკალური პოლიტიკაც დიდი სიფრთხილით სრულდება, რაც ქვეყანაში ფასების სტაბილურობას უწყობს ხელს. შედეგად, საუბრები ძალიან პროდუქტიული იყო. განვიხილეთ ყველა დეტალი - პერსპექტივა, პროგნოზები და რისკები“, - განაცხადა ხამზა შარიფზოდამ.
ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაცია საქართველოში სებ-ის მოწვევითა და JP Morgan-ს თანაორგანიზებით იმყოფება. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ, მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JP Morgan, Morgan Stanley Investment Management, Aberdeen, MetLife და სხვა.