მარიამ ქვრივიშვილი ლონდონში გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის 34-ე სესიაში. ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მარიამ ქვრივიშვილი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეხვედრა IMO-ს გენერალურ მდივან არსენიო დომინგესთან, ასევე დაგეგმილია მარიამ ქვრივიშვილის ორმხრივი შეხვედრები ასამბლეაში მონაწილე რამდენიმე ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
სხვა სიახლეები
2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე
12.03.2026.19:20
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.
„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.
საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.