სხვა სიახლეები
სამინისტრო სოფლის განვითარების სააგენტოს არსებული პროგრამების რეფორმირებაზე მუშაობს - მინისტრი
17.11.2025.15:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ პროგრამების რეფორმაზე მუშაობს, რომელიც თავის მხრივ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ფერმერული მეურნეობების გაძლიერებას იწყობს ხელს. როგორც „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა განმარტა, ახალი წლიდან პროგრამები მთლიანად შეცვლილი იქნება და უფრო მორგებული იქნება ფერმერების საჭიროებებს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც გვაქვს ეს იმ დარგების სპეციალისტების სიმცირე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ფარავს, როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ზუსტად ამიტომ სოფლის განვითარების სააგენტო, რომელიც ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი უწყებაა, ფაქტობრივად მიმდინარეობს ახალი დიზაინი პროგრამების, რომლის პრიორიტეტებშიც ერთ-ერთი არის ცოდნასთან ხელმისაწვდომობა, მეორე იქნება აუცილებლად ტექნოლოგიებთან ხელმისაწვდომობა - შესაძლებლობა ექნებათ ფერმერებს, რომ დარგის სპეციალისტები როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელები ჩამოვიყვანოთ, რათა იყოს შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის დეფიციტური დარგები, რომელიც არსებობს და გვაქვს იყოს მაქსიმალურად დაფარული და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ეს არის ერთ-ერთი დიდი მოთხოვნა რეგიონებთან, რაც ფერმერებიდან წამოვიდა. სწორედ ამ საკითხებზე მუშაობამ გამოიწვია ის რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ. შესაბამისად ახალი წლიდან ფაქტობრივად მთლიანად შეცვლილი იქნება და მორგებული ჩვენი პროგრამები, როგორც ხელმისაწვდომობის და მომსახურების კუთხით, ასევე შინაარსობრივად თავიდან ბოლომდე მორგებული ფერმერებზე და იმ გამოწვევებზე რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში და გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს, თუმცა ამ შემთხვევაში სააგენტო უფრო სოფლის მეურნეობაზეა მომართული“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სრულად სამინისტროს სისტემის, როგორც ცენტრალური აპარატის, ისე სააგენტოების რეფორმა ხორციელდება.
„ეს ცვლილებები მორგებულია იმაზე, სისტემა იყოს უფრო მეტად ეფექტური, უფრო მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც არსებობს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.