მაგისტრალებთან სავაჭრო ობიექტების უკანონო განთავსებაზე ჩვენი მიდგომა იქნება მკაცრი - რევაზ სოხაძე
"ავტომაგისტრალების სიახლოვეს სავაჭრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი, რადგან ეს აფერხებს მოძრაობას და არღვევს გადაადგილების უსაფრთხოების პირობებს. შესაბამისად, მივიღებთ ძალიან მკაცრ ზომებს ამ მიმართულებით, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ წიწამური-მცხეთის მონაკვეთზე მაგისტრალურ გზაზე მოძრაობის გაუმჯობესების სამუშაოების მონახულების შემდეგ.
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის გადასახვევამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის კმ23-კმ24 მონაკვეთზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების პირობების გასაუმჯობესებლად სამუშაოები უკვე დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული სავაჭრო და კვების ობიექტების გამო, ავტომანქანების დგომა-გაჩერება ხშირად იწვევს მოძრაობის შეფერხებას.
მოძრაობის ორგანიზების და უსაფრთხოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში შემუშავდა ობიექტებთან მისასვლელად ერთიანი იზოლირებული შესასვლელისა და გამოსასვლელის მოწყობის პროექტი და უკვე დაიწყო სამუშაოები.
სამუშაოები დაახლოებით 2 კმ-იან მონაკვეთზე ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა: შემანელებელი და ამაჩქარებელი ზოლები, ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარები და შესაბამისი საგზაო ნიშნები.
იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებზე ზემოქმედება, სამუშაოები შესრულდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ნაკლებად დატვირთულ (მეტწილად ღამის) საათებში.
სამუშაოების მიმდინარეობისას, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით პერიოდულად შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლი.
სამუშაოების დასრულება 3 თვეში იგეგმება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მაგისტრალზე მოძრაობის გადაადგილების გაუმჯობესების სამუშაოებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტი იწყებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა უკანონო ნაგებობის დემონტაჟისთვის კანონით გათვალისწინებულ აქტიურ ღონისძიებებს.
სხვა სიახლეები
30.07.2025.19:00
2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.