მაღალკვალიფიციური ადგილობრივი სამუშაო ძალის ნაკლებობა - მასიმილიანო დ'ანტუონო საქართველოში იტალიური კომპანიების გამოწვევებზე
საქართველოში იტალიის ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რასაც იტალიური კომპანიები საქართველოში აწყდებიან.
ელჩის განმარტებით, იტალიის საელჩო აქტიურად ეხმარება კომპანიებს და მათ აწვდიან უახლეს ეკონომიკურ და რეგულატორულ ინფორმაციას, ბაზრის ანალიტიკას და საწყის დონის რჩევებს ადგილობრივი ბიზნესპრაქტიკის შესახებ.
„იტალიური კომპანიები, რომლებსაც სურთ საქართველოს ბაზარზე შესვლა, ხშირად ხაზს უსვამენ ადგილობრივი რეგულატორული და საკანონმდებლო ჩარჩოს გაცნობის საჭიროებას და სანდო ადგილობრივი პარტნიორების შერჩევის მნიშვნელობას. დამატებით გამოწვევებად ხშირად მოიხსენიებენ ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ ცნობიერებას, საგადასახადო და საბაჟო რეგულაციების უკეთ აღქმას. ასევე გამოწვევად აღიქმება ბიზნესკულტურაში განსხვავებები, მაღალკვალიფიციური ადგილობრივი სამუშაო ძალის ნაკლებობა, ხელშეკრულებების შესრულების საკითხები, დავების მოსაგვარებელი მექანიზმების ხელმისაწვდომობა და ეფექტურობა, აგრეთვე დეტალური, სექტორ-სპეციფიკური ბაზრის ინფორმაციის შეზღუდულობა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლებიც პირველად ცდილობენ საქართველოში ოპერირების დაწყებას.
ამ კონტექსტში, იტალიური ინსტიტუციური აქტორების არსებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რისკების შემსუბუქებაში. იტალიის საელჩო და სავაჭრო სააგენტოს ოფისი აქტიურად ეხმარებიან კომპანიებს, აწვდიან უახლეს ეკონომიკურ და რეგულატორულ ინფორმაციას, ბაზრის ანალიტიკას და პრაქტიკულ, საწყის დონის რჩევებს ადგილობრივი ბიზნესპრაქტიკის შესახებ. ისინი ამარტივებენ კომპანიებისათვის სამართლებრივი გარემოს აღქმას, პოტენციური პარტნიორების იდენტიფიკაციას და ადმინისტრაციული პროცედურების გავლას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფორმაციის ნაკლებობას, ტრანზაქციული ხარჯებსა და ბაზარზე შესვლის რისკებს.
ეს ინსტიტუციური მხარდაჭერა ხელს უწყობს გამოწვევების მნიშვნელოვან შემცირებას, ქმნის უფრო პროგნოზირებად, გამჭვირვალე და მხარდამჭერ ბიზნესგარემოს იტალიური კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში სავაჭრო და ინვესტიციური შესაძლებლობებს ეძებენ“, - აცხადებს ელჩი.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია
06.03.2026.15:49
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის წმინდა შესყიდვების განახლებული სტატისტიკა კი 25 მარტს გამოქვეყნდება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებს.