ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ კლუბში ყოფნას, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სანდოობას, ამცირებს სესხის ფასს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების უფრო იაფად მოზიდვას - სოსო არჩვაძე
ეკონომისტი სოსო არჩვაძე, ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებული გამოშვება - მრავალმხრივ მნიშვნელოვანი მოვლენაა ქვეყნის ეკონომიკისთვის.“
არჩვაძის შეფასებით, ლონდონის საფონდო ბირჟა, რომელსაც 225-წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ლიკვიდურ ფინანსურ პლატფორმად ითვლება. ამ ბირჟაზე ოპერირებენ უმსხვილესი საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები და ცენტრალური ბანკები, რაც ნიშნავს, რომ იქ განთავსებული ფასიანი ქაღალდები სარგებლობს მაღალი ნდობითა და რეპუტაციით.
მისივე თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ კლუბში ყოფნას, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ და ინსტიტუციურ სანდოობას, ამცირებს სესხის ფასს და უზრუნველყოფს გრძელვადიანი ფინანსური რესურსების უფრო იაფად მოზიდვას.
„ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების გამოშვება ლონდონის საფონდო ბირჟაზე - კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით.
აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი.
ჯერ ერთი, 225-წლიანი ისტორიის მქონე ლონდონის საფონდო ბირჟა (დაარსდა 1801 წელს) ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ლიკვიდური პლატფორმაა ასეთი ოპერაციებისთვის, ფაქტობრივად, მსოფლიო ფინანსური ჰაბია. ეს ბირჟა ასოცირდება კანონის უზენაესობასთან, გამჭვირვალობასთან და დაცულობასთან. ამ ბირჟაზე აქტიურობენ უმსხვილესი საინვესტიციო ფონდები, საპენსიო ფონდები, სადაზღვევო კომპანიები, ცენტრალური ბანკები. ამიტომ ინვესტორები ენდობიან იქ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, მათი ემიტენტები კი სარგებლობენ მაღალი რეპუტაციული და სანდოობის დონით. ეს კი უკვე თავისთავად ნიშნავს დიდ მოთხოვნას და უკეთეს ფასს (დაბალ პროცენტს);
მეორე, ის, რომ მიმდინარე გამოშვებისას დაფიქსირებული კუპონი, ევროობლიგაციების ბაზრისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის ბოლო 4 წელიწადში.
მესამე, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ ქართულ ფასიან ქაღალდებზე დააფიქსირა რეკორდულად მაღალი დონე - 2.8 მილიარდი დოლარი (ბაზარზე შეთავაზებულ ოდენობაზე 5.5-ჯერ მეტი), მაგრამ ქვეყნის მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა ნიშნავს, რომ ინვესტორები ენდობიან საქართველოს, ქვეყანას მიიჩნევენ გადახდისუნარიანად, რაც ამარტივებს მომავალში ინვესტიციების მოზიდვას;
მეოთხე, ეს არის პირდაპირი, არაორაზროვანი გზავნილი საერთაშორისო ინვესტორებისათვის საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სასურველი პირობებისა და ეკონომიური სარგებლიანობის, ქვეყნის ეკონომიკისადმი მაღალი ნდობისა და დაბალი რისკის თაობაზე. - ამ უკანასკნელის დონე წინა პერიოდთან შედარებით შემცირებულია 25%-ზე მეტით;
მეხუთე, მოთხოვნის ჯერადი მეტობა ქართულ ობლიგაციებზე, მათ მიწოდებასთან შედარებით, აგრეთვე ტრანზაქციაში ჯამში 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორის მონაწილეობა ადასტურებს, რომ საერთაშორისო საინვესტიციო წრეებში საკმაოდ მაღალია ინტერესი და ნდობა საქართველოს მთავრობის რეფორმების, ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. აღნიშნულის დასტურად გამოდგება ის ფაქტიც, რომ ინვესტორებთან შეხვედრების დროს, მაღალი ინტერესი დაფიქსირდა აგრეთვე ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ.
მთლიანობაში, საქართველოსთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქტიურობა ნიშნავს საერთაშორისო ფინანსურ „კლუბში“ ყოფნას, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სანდოობის გაზრდას, უფრო იაფ და გრძელვადიან ფინანსურ რესურსზე წვდომას. ეს კი ფაქტობრივად სახელმწიფოს ეკონომიკური და ინსტიტუციური მდგრადობის საერთაშორისო აღიარების უმნიშვნელოვანეს ინდიკატორს წარმოადგენს.“ - წერს არჩვაძე.
სხვა სიახლეები
500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით - კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორი სტეფან უაილერი
29.01.2026.15:27
მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება. JP Morgan, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, - აღნიშნა კომპანია JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა სტეფან უაილერმა საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეფინანსირების შეფასებისას.
მისი თქმით, გამოშვებისას მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას. ჩვენ ვიხილეთ 5.5-ჯერ მეტი მოთხოვნა 100-ზე მეტი ინვესტორისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
„დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის, 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩმარკია საქართველოსთვის. გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში, რთული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად მიღწეულ იქნა ეს დიდებული შედეგი“, - აღნიშნა კომპანია JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა სტეფან უაილერმა.