ლევან მოსეშვილი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი თბილისში სამუშო ვიზიტით მყოფ ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air-ის მენეჯმენტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს, ისაუბრეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე.
„გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია WIZZ Air-ის ხელმძღვანელ პირებთან. განვიხილეთ ქუთაისის აეროპორტში მათი ოპერირების საკითხები, ის გამოწვევები რაც გვაქვს და სამომავლო გეგმები. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილი იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. საუბარი შეეხო ასევე, 3 ივნისიდან ლიონი-ქუთაისის მიმართულების დაწყების ოპერირების დეტალებს, რომელიც სრულიად ახალია ჩვენი აეროპორტისთვის და საფრანგეთის მიმართულებით პარიზის შემდეგ მეორე მიმართულება იქნება,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
Wizz Air-ის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა და ტურიზმი იზრდება, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა.
აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრას Wizz Air-ის აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის, ასევე ახლო აღმოსავლეთის კომერციული ოფიცერი ანდრაშ ჟაბო, Wizz Air-ის აეროპორტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი აკოშ ბუში და აეროპორტების განვითარების მენეჯერი აკოშ პალენსკარი ესწრებოდნენ. ქართული მხრიდან, გენერალურ დირექტორთან ერთად, შეხვედრაში მონაწილეობდნენ აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსი ვარლამ ჭილაშვილი და საავიაციო ბიზნესგანვითარების სამსახურის უფროსი სალომე ხუნდაძე.
Wizz Air-ი საქართველოში უკვე 2012 წლიდან ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ავიაკომპანია ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 7 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.
სხვა სიახლეები
14.07.2025.18:24
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა, სადაც აზერბაიჯანის პირველ პირებთან ქვეყნებს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობები განიხილა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნული ვიზიტიდან უმოკლეს ვადაში, „აზერბაიჯანის რკინიგზის" ხელმძღვანელი საკითხის განსახილველად თბილისს ეწვია. ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს ყველა ტექნიკური საკითხი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, მარიამ ქვრივიშვილის ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა მხარემ დააყენა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძეშ და შპს „მარაბდა-კარწახის" რკინიგზის ხელმძღვანელმა ლევან კანკავამ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ახალ სტიმულს მისცემს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ტურიზმის სფეროში.
მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მთავრობას და რკინიგზის წარმომადგენლობას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ოპერატიული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობების შესახებ დიალოგი უახლოეს პერიოდში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.