მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

ლევან დავითაშვილმა ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო

news image

„საქართველო ევროპისა და აზიის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდია, ჩვენი მდებარეობა ძირითადი სავაჭრო დერეფნების, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შუა დერეფნის გადაკვეთაზე გვაქცევს ბიზნესის, ლოგისტიკისა და ენერგეტიკის ბუნებრივ ცენტრად. ჩვენ ვიყენებთ ამ უპირატესობას სანდო და ეფექტური საინვესტიციო კლიმატის უზრუნველყოფით, ინვესტორთა დაცვის გაძლიერებით და ძლიერი იურიდიული და ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნით", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ლონდონში საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

ლევან დავითაშვილმა ლონდონის საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის. როგორც მან აღნიშნა,  საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ხანგრძლივი ისტორია აქვს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. პირველმა ვიცე-პრემიერმა გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორს საქართველოს ეკონომიკური ზრდა-განვითარების მთავარი მაჩვენებლები და დინამიკა, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები და საინვესტიციო გარემო გააცნო. 

 

„ჩვენ შევძელით ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან ორმხრივ ფორმატზე – გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაზე (ძალაშია 2021 წლის იანვრიდან), მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე შეუფერხებელი გადასვლა. 2024 წელს ჩვენმა ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 170 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ზრდა 2025 წლის პირველ კვარტალშიც შენარჩუნდა. ანალოგიური დადებითი ტენდენციაა საინვესტიციო ნაკადებში - გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში 450 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 23%-იან ზრდას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ინვესტიციების უმეტესი ნაწილი ფინანსურ და სადაზღვევო სექტორში განხორციელდა", - განაცხადა  პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ლონდონი საქართველოს საინვესტიციო ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს, წელს ღონისძიებას დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა,  რაც ღონისძიების მიმართ ბიზნეს-სექტორის მაღალ ინტერესზე მეტყველებს. საქართველოს მხრიდან საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობდნენ  ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

 

„გლობალური ეკონომიკური გამოწვევებისა და რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა და სტაბილური ზრდა აჩვენა. ზედიზედ ორნიშნა ზრდის წლებისა და მუდმივი ძლიერი მაჩვენებლების წყალობით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკად ჩამოყალიბდა. წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4%, 2025 წლის პირველ კვარტალში კი 9,3% შეადგინა. 2024 წელს გაერთიანებული სამეფოდან საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 32 372-ს მიაღწია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის 31 მარტს განახლებული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ტურისტული ნაკადების შემდგომ გაზრდასა და ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების გაღრმავებაში", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

ფორუმის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ბიზნეს-სექტორისთვის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც საუბარი შეეხებოდა საქართველოში მოქმედ კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლონდონში გამართული ფორუმი არის შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს - ლევან ვეფხვაძე

16.05.2025.23:50

ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის   წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიებაზე ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი განიხილეს. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს ეხებოდა.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიზნესისთვის უაღრესად საინტერესო იყო აღნიშნული საინვესტიციო ფორუმი, მათ შორის, იმიტომაც, რომ  მნიშვნელოვან ადგილას - ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიმართა.

 

„აქ საუბარია   არამხოლოდ იმ კომპანიების წარმატებულ ბიზნეს გამოცდილებაზე, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე  უკვე არიან წარმოდგენილები, ან ბრიტანეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია აქვთ ბიზნესის ნაწილში, არამედ  საუბარია მომავალზეც - ამ ფორუმზე კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ამით ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს" - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

 

საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის   წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა