ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა
საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან შეხვედრისას, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა კატარის პრემიერ-მინისტრთან - საუბარი შეეხო საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ტურისტული, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. ზოგადად კატარი და მისი ხელისუფლება ძალიან დადებითად არის საქართველოს მიმართ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტები როგორც კატარიდან, ისე საქართველოდან და ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით იმართება და მასში 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობს როგორ ყურის ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან. მისი ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას როგორც კატართან, ყურის სხვა ქვეყნებთან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს მთავრობებს შორის 2022 წლიდან მოქმედებს შეთანხმება ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, რომელიც დამატებით ინიციატივებს ქმნის საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის. კიდევ ერთი შეთანხმება კი ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით თანამშრომლობა. კატარი ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის - 2024 წელს კატარიდან ინვესტიციებმა დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ჩვენი მოლოდინით, ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრ ფაისალ ალ იბრაჰიმთან. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამისთვის უკვე შექმნილია ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმალური პლატფორმა, სადაც მონაწილეობენ ბიზნესმენები საქართველოდან და საუდის არაბეთიდან.
„ამ საკითხს მონიტორინგს უწევენ როგორც საქართველოს, ისე საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასევე ჩართულები ვართ ეკონომიკის სამინისტროები ორივე მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს პლატფორმა შეიძლება ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი გახდეს მომავალში როგორც საინვესტიციო, ისე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ხვალ შეხვედრას გამართავს კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან. შეხვედრისას დაგეგმილია მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხების განხილვა, მათ შორის საუბარი შეეხება საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით თანამშრომლობას.
სხვა სიახლეები
მომავალი სამი წელიწადი იქნება მზისთვის ძალიან აქტუალური - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები l Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
13.03.2026.00:00
საქართველოში მზის ენერგეტიკის სექტორში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბაზარზე მზის ელექტროსადგურების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, მატულობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას უკვე რამდენიმე მსხვილ პროექტზე აქვს მუშაობა დაწყებული და, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ინვესტორები მზის ენერგიას მომავალის ენერგიად მიიჩნევენ და პროექტების განხორციელებას არ აპირებენ შეაჩერონ.
„ჩვენ უკვე დაახლოებით ოთხი წელია ვოპერირებთ ბაზარზე - მთლიანად კავკასიას ვფარავთ. გარდა ამისა, როდესაც შემოვედით ბაზარზე, შევქმენით ჰაბი, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ სრულიად საქართველოდან ხდებოდა დაფარვა ამიერკავკასიაში: სომხეთში, აზერბაიჯანში. მახსოვს იყო დრო, როცა პროდუქციას ვაწვდიდით უზბეკეთში, ყაზახეთში და, რაც უფრო შორს წავიდა საქმე, მონღოლეთშიც კი საქართველოდან გავიდა პროდუქცია.
შემდგომ შეიცვალა სურათი, და მთელი ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად სომხეთი იყო ბაზარზე. ისინი აქტიურობდნენ მაშინ, როცა ჩვენთან იყო ძალიან ნელი ფაზა, და ერთი-ორი პროექტი თუ სადღაც უფრო სწრაფად ვითარდებოდა. ამ პერიოდში სომხეთმა ააშენა 1000 მეგავატი მზის ელექტროსადგური, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70%-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. შემდგომ უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ვეღარ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება, რადგან ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყო. თუმცა ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ, რადგან ვიყავით ჩეხური კომპანია და ტრანზიტის პირობებში პროდუქცია კვლავ მივაწოდეთ. ამით ქვეყანამ გარკვეული შემოსავალი დაკარგა, რადგან საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზე, როდესაც უზარმაზარი პროექტი ხორციელდებოდა სომხეთში.
შარშან და წელს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ბიზნესმა იქ დაიწყო აქტიურობა და ახლა აპირებენ სთორიჯებზე, ე.წ. „შემნახველებზე“ გადასვლას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ბიზნესი „აფეთქდა“ - დაიწყო მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა, და ჩვენ მიწოდებას, მიღება-მიწოდებას ვეღარ ვახერხებდით, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა. თუმცა წელს ყურადღება ძირითადად დიდი სიმძლავრის პროექტებზეა გადატანილი და მოდიან სერიოზული და კვალიფიციური ინვესტორები. ვმუშაობთ რამდენიმე დიდ პროექტზე.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, მზის ბიზნესი არ გაჩერდება. ინვესტორები განაგრძობენ ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში და მზად არიან 20-25 მლნ დოლარიანი პროექტები ააშენონ. ტენდენცია არ წყდება, სურვილიც არა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს არის მომავლის ენერგია და მზის ენერგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში.
პირველ ეტაპზე სახელმწიფო ამბობს, რომ უნდა აშენდეს 1700 მეგავატი. აღსანიშნავია, რომ „დაბევებული“ პროექტები, ვისაც ჰქონდა, ჩამოერთმევა, ხოლო სამშენებლო მემორანდუმამდე დამამშვიდებელი ეტაპები მოითხოვება, რათა პროექტის რეალურობა დასტურდებოდეს. სახელმწიფო ამ მხრივ მკაცრად ოპერირებს და ზომებს იღებს. შესაბამისად, მომავალი სამი წელი მზის სექტორისთვის განსაკუთრებულად აქტიური იქნება - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები, რამდენიმე დიდი სიმძლავრის პროექტიც, დანარჩენი კი დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ყველაფრის თანმიმდევრულად ორგანიზებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნა Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა.