ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა - რა განიხილეს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
როგორც ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
„ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციები, ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას აქვს საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების, ასევე, მთლიანად შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით.
ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას.
თავის მხრივ, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა. აღინიშნა, რომ ინვესტიციების გაზრდის პოტენციალი არსებობს ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვა.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სალმან აბდულრაჰმან ალ ალშეიხი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
06.03.2026.19:06
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.