ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1782 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6807 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6807 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6819 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1853 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0071ლარი შეადგინა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი
16.04.2026.21:51
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.