ლარი არის საკმაოდ მყარი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის - ლაშა ხუციშვილი
ბოლო პერიოდში საკმაოდ იზრდება არარეზიდენტების, უცხოური კომპანიების მონაწილეობა ქართულ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება ბევრი მიზეზის გამო საინტერესო მიმართულებაა.
„მათ შორის იმის გამო, რომ შედარებით ნაკლებრისკიანია, როდესაც ქვეყანა არ არის დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე. ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარი კაპიტალის ბაზარი განავითაროს. ამ მიმართულებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ იზრდება არარეზიდენტების, უცხოური კომპანიების მონაწილეობა ქართულ, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებულ სახაზინო ობლიგაციებზე.
როდესაც მიმდინარე გამოშვების ფარგლებში ჩვენ შეხვედრები გვქონდა ინვესტორებთან, მათ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინეს ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების შესყიდვასთან დაკავშირებით. ჩვენ შევთანხმდით, რომ მათ მოვიწევთ საქართველოში, გვექნება ცალკე ფორმატში შეხვედრები და ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს ჩვენ უკვე გვექნება ხელშესახები შედეგი იქიდან გამომდინარე, რომ ვაპირებთ უფრო დიდი აუქციონების გამართვას ქართულ ფასიან ქაღალდებთან მიმართებაში.
ვხედავთ, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. საკმაოდ მდგრადია ის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს. ლარი არის საკმაოდ მყარი და მიმზიდველი ინვესტორებისთვის. ხოლო მეორეს მხრივ, გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ არასტაბილური მათ უბიძგებს, რომ სხვადასხვა ვალუტაში მოახდინონ თავიანთი თანხების ინვესტირება. ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება წარმატებული გამოშვებები უკვე მიმდინარე წელს”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა $6.65 მილიარდს მიაღწია
06.03.2026.15:49
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2 432.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2026 წლის იანვარში 86.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თებერვლის წმინდა შესყიდვების განახლებული სტატისტიკა კი 25 მარტს გამოქვეყნდება.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.%-ს (1 198.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 698.40 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 აპრილს გამოაქვეყნებს.