ყველანაირად ვცდილობთ, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს მხარში დავუდგეთ და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება - არჩილ გაჩეჩილაძე
საქართველოს ბანკის როლი სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე გააკეთა. მისი თქმით, ბანკი ყველანაირად ცდილობს, რომ ინდუსტრიაში ბიზნესებს მხარში დაუდგეს და მათთან ითანამშრომლოს.
„დღეს ძალიან სასიხარულო მომენტია, ვინაიდან ეს მუშაობა, რომელიც ერთობლივად გაიმართა Galt & Taggart-ის, რომელიც ჩვენი შვილობილი ორგანიზაციაა, როგორც მოგეხსენებათ, და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების მიმართულებებით, მათ შორის სააგენტოებთან, მთლიანობაში ითარგმნა იმ ანალიტიკაში, რომელიც იქნება წარმოდგენილი დღეს.
საქართველოს ბანკის როლი ამ ინდუსტრიაში ძალიან აქტიურია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ ინდუსტრიაში მოქმედ პირებს, ბიზნესებს მხარში დავუდგეთ და ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ განავითარონ და გააფართოვონ საკუთარი წარმოება.
სოფლის მეურნეობაში მართლაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან დიდი პოზიტიური ძვრები არის და ამას სჭირდება კიდევ უფრო განვითარება და, ასე ვთქვათ, ამ ტრაექტორიაზე სვლის გაგრძელება.
ჩვენი როლი ამ მიმართულებით იქნება, რომ გავაგრძელებთ ანალიტიკის დამუშავებას და წარდგენას საზოგადოებისადმი და ამ სექტორში მოღვაწე ყველა ბიზნესისათვის და სახელმწიფოსთვის, ვინაიდან ესეთი ტიპის ანალიტიკა მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილებების მიღებისთვის“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.
სხვა სიახლეები
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა - ანგარიშში ხაზგასმულია ქვეყნის მიმზიდველი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები l ვახტანგ ცინცაძე
10.04.2026.15:31
„აზიის განვითარების ბანკმა აზიის ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ მაღალი - 7.5 პროცენტი, ხოლო 2026 წელს, მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5.5 პროცენტი იქნება, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, 2026 წელს აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ საქართველოში საშუალო ინფლაციის დონე 3.8 პროცენტი იქნება, რაც წინა წელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ADB-ის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი.