ყველაფერი ცხადი და ნათელია, სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო ამ პროექტიდან, მადლობას ვუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის - პრემიერი Eagle Hills-ის პროექტზე
ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს EAGLE HILLS-ის პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს აღნიშნული პროექტიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს და მის ხელმძღვანელობას მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.
„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შემოდის კომპანია EAGLE HILLS თანხებით და როგორ ნაწილდება ეს 6.6 მლრდ აშშ დოლარი. სწორედ, ეს არის არსებითად კომპანიის საქმე. სამი ძირითადი წყაროა - ეს არის პირდაპირი ინვესტიცია, რასაც დებს უშუალოდ კომპანია, მეორე - ეს არის კომერციული სესხები, რომელსაც იზიდავს, ბუნებრივია, ესეც არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ეს არის ე.წ. „პრი სეილები", წინასწარი გაყიდვები, აქედანაც შემოდის თანხები, სამი ძირითადი წყაროა, საიდანაც ხდება ამ 6.6 მლრდ დოლარის აკუმულირება, თუმცა ეს არსებითად კომპანიის საქმეა.
ჩვენთვის მთავარი რა არის - დივიდენდი არის დათვლილი, ჩვენი წილი არის 33.3%, ვიცით, რომ ველოდებით 2 მლრდ ლარის მოგებას ამ ყველაფრიდან, ვიცით, რამდენს ველოდებით გადასახადების სახით და ეს ქმნის მთლიანად ამ პროექტის ეკონომიკას.
ნებისმიერ ადამიანს, ეკონომისტს, ფინანსისტს შეუძლია ნახოს ამ პროექტის ეკონომიკა და ძალიან მარტივად შეუძლია, განსაჯოს, რამდენად არის სათანადოდ წამოღებული მოგება სახელმწიფოს მხარეს ამ პროექტიდან. მე შემიძლია, მოგცეთ პირობა, რომ მაქსიმუმი წამოვიღეთ, რისი წამოღებაც ჩვენ შეგვეძლო დივიდენდის, თუ ნებისმიერი სხვა მოგების სახით. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ცხადი და ნათელია. სახელმწიფომ მაქსიმუმის წამოღება შეძლო. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ეკონომიკის სამინისტროს გუნდს, სამინისტროს ხელმძღვანელობას შედეგისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
26.11.2025.14:51
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმსა და მის ფარგლებში დაგეგმილ ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნული ღონისძიება იმართება ევროკავშირის თანაორგანიზებით და მისი მიზანია ევროკავშირის "Global Gateway"-ის ინიციატივის ფარგლებში დერეფნის გასწვრივ გააძლიეროს ევროკავშირის თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო კავშირების ხელშესაწყობად. ღონისძიების ფარგლებში, საქართველო წარადგენს თავის ხედვასა და გეგმებს თუ როგორ შეუძლია ქვეყანას ხელი შეუწყოს ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის განვითარებას და ჩვენს რეგიონსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო სატრანსპორტო კავშირების დამყარებას.
ფორუმი და მინისტრების შეხვედრა უზბეკეთის ქალაქ ტაშკენტში ხვალ გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც შეეხება ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონს შორის დაკავშირებადობის საკითხებს.
ღონისძიებას დაესწრება ევროკომისარი საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელა.
საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.