ყველა იმპორტირებულ კონტეინერზე ვახდენთ მხოლოდ 20%-ით სავსე კონტეინერის ექსპორტს - ჯემალ ინაიშვილი
ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსიაზე, რომლის თემაც „ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა | ახალი შესაძლებლობები" იყო „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ქვეყნისთვის არსებულ სატრანზიტო გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ინვესტირება საპორტო ინფრასტრუქტურაში, რადგანაც სხვა ქვეყნებს „მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია“.
„ზოგადად სავაჭრო ბრუნვის შედეგს თავისთავზე გრძნობენ ლოგისტიკური კომპანიები. როდესაც ამ ვითარებაში ვიყურებით, რა შეიძლება მოკლევადიან და საშუალოვადიან პერიოდში დადებითად აისახოს ჩვენზე, შემცირდება გადაზიდვის ფასები - რასაც ველოდებით და ეს აისახება, როგორც ექსპორტზე ისე იმპორტზე. მაგრამ საბოლოო ჯამში დასკვნების გაკეთება წინასწარ ძნელია. პირველივე რასაც წამოვჭრით, აშშ-ს მიერ დაწესებულია 10%-იანი ბაჟი. საერთოდ ეს ბიზნესი, ეს ინდუსტრია არ არის მორგებული საქართველოს ეკონომიკაზე და ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენი მეზობლების სომხეთის და აზერბაიჯანის და ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკაზე და სავაჭრო ურთიერთობებზე სხვა ქვეყნებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინვესტიციები საპორტო ინფრასტრუქტურაში. იმიტომ, რომ ჩვენ რომ ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები ეს ინვესტიციები რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან ძალიან მალე ჩვენ შეიძლება სხვა საფრთხეების წინაშეც აღმოვჩნდეთ. მე არ შემიძლია ამაზე არ გითხრათ.ადრე თუ გვიან დასრულდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ისინი აღადგენენ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც გამოიწვევს და რისთვისაც სომხეთი ემზადება, თურქეთთან საზღვრის გახსნას და შესაბამისად ჩვენთვის უკვე კონკურენტული ხდება რიზეს და ტრაპიზონის ნავსადგურები. ეს სერიოზული გამოწვევა იქნება ჩვენთვის, ვინაიდან ეს ნავსადგურები უფრო იაფია ჩვენს ნავსადგურებთან შედარებით. ამას ემატება კიდევ ის, რომ არსებობს სარკინიგზო კავშირი სომხეთსა და თურქეთს შორის. რომელიც ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან არსებობდა და რომელიც დაიკეტა ომის პერიოდში. ყოველ შემთხვევაში სომხები ამისთვის ემზადებიან და განიხილავენ თავის არამხოლოდ თავს ალტერნატიული პორტების საშუალებით განახორციელონ თავისი ექსპორტი და იმპორტი, არამედ მომავალში გახდნენ ასევე ტრანზიტული ქვეყანა - ესეც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძალიან მალე, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოხდება ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული შეთანხმება და თუ ეს საკითხი დადებითად გადაიჭრა დადგება საკითხი ირანისთვის სანქციების მოხსნაზე. ირანი კი არის ჩვენი ძირითადი კონკურენტი და იყო მანამდეც, ვიდრე მას დაუწესდებოდა სანქციები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავისვა, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ გამართული ინფრასტრუქტურით შეგვიძლია გავუწიოთ კონკურენცია და შევინარჩუნოთ ის ტვირთნაკადები, რომელიც შუა დერეფანში არსებობს და რომელიც შეგვიძლია, რომ მოვიზიდოთ.
ამასთან, ჩვენი ძირითადი საკონტეინერო იმპორტის 60% მოდის მეორად ავტომობილებზე. ეს ჩვენი ფუნქცია, როგორც ჰაბის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, რადგანაც ამან დაიმკვიდრა უკვე ადგილი. ეს უკვე არის შემდგარი ბიზნესი და ეს არის ძალიან დიდი რაოდენობა ტვირთნაკადის. დანარჩენი ტვირთები მოდის სამშენებლო მასალებზე, ფუნქციურ ტექნიკაზე და ასე შემდეგ. ეს პირდაპირ კავშირშია ბინათმშენებლობასთან და დეველოპერულ ბიზნესთან. ეს ორი მიმართულება სხვა მიმართულებებთან ერთად აუცილებელია, რომ იყოს უფრო მიმზიდველი და ინვესტიციების შემოდინება აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. რაც ნავსადგურებს გარანტიას აძლევს, რომ შეინარჩუნონ ტვირთნაკადი და შესაბამისად ხელი შეუწყონ ექსპორტს. ექსპორტის მხრივ გვაქვს შედარებით მწირი შესაძლებლობები, რადგანაც ჩვენი ექსპორტი იმპორტის 20%-ია. ანუ ყველა იმპორტირებულ კონტეინერზე ვახდენთ მხოლოდ 20%-ით სავსე კონტეინერის ექსპორტს. ეს ექსპორტი ძირითადად მოდის საქართველოზე, სომხეთზე და აზერბაიჯანზე და თანდათან ემატება ცენტრალური აზია.
კიდევ ერთხელ მივუბრუნდები, რომ აუცილებლად მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები, ინვესტიციების შემოდინება და მზად ვიყოთ ახალი ინფრასტრუქტურისთვის, რასაც ჰქვია ანაკლიის ნავსადგური და შემდეგი ინვესტიციები სატრანსპორტო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა ჯემალ ინაიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვიცე-პრემიერმა ეკონომიკური ფორუმის მე-18 დისკუსია გახსნა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა შოთა ბერეკაშვილი - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ჯემალ ინაიშვილი - „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
21.05.2025.19:00
2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 53 მლნ ლარს აჭარბებს.
როგორც ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით ხდება ცნობილი, 2025 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 53,386,776.00 ლარი შევიდა. არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 152 534 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.