კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში მცხოვრებლებმა დაინახონ თავიანთი განვითარების პერსპექტივები - GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე აცხადებს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სოფლებში მცხოვრებლებმა დაინახონ თავიანთი განვითარების პერსპექტივები. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, მოსახლეობა გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს, რაც აძლევს მათ ლეგიტიმაციას არსებული ინტერესების რეალიზება მოახდინონ.
„სახელმწიფოს აქვს ინტერესი ენერგოდამოუკიდებლობა და ჯგუფებს აქვთ ინტერესი ადგილობრივი განვითარება.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სოფლებში მცხოვრებლებმა დაინახონ თავიანთი განვითარების პერსპექტივები. სწორედ მათი ჩართულობა უზრუნველყოფს ამას, რადგან პროცესში მონაწილეობის მიღება მათ აძლევს ლეგიტიმაციას, რომ წლების განმავლობაში არსებული ინტერესები განხორციელდეს. პირველ წელს შეიძლება ეს იყოს გზა, შემდეგ შეიძლება სკოლა - ნებისმიერ შემთხვევაში, ვიხილავთ განვითარების სწრაფ ტემპს. ჩართულობა, უნდა განხორციელდეს არა ზევიდან ქვემოთ, არამედ ახლა ჩვენ ვცვლით ამას დაბლიდან ზემოთ“, - ამბობს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.
მაია მელიქიძე აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იდეად დარჩენილი კანონპროექტი ბოლო წლების განმავლობაში შესაბამის ფორმას დაექვემდებარა.
„ამ კანონპროექტს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ეს იდეა იყო იდეად და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ამ კანონპროექტს მივეცით შესაბამისი სახე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ.), იმიტომ რომ წინა წლის 5 სექტემბერს - თარიღიც კი მახსოვს - პირველად გავაჟღერე მე ამ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია მასთან დიალოგში. მან მომცა პირობა, რომ აუცილებლად გაეცნობოდა ამ კანონპროექტს და უკვე სულ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი. საბოლოო ჯამში სულ რამდენიმე თვეში ჩვენ უკვე მივედით იმ შედეგამდე, რომ დაჩქარებული წესით მოხდება ამ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში. მე მოხარული ვარ იმით, რომ ფინანსთა სამინისტროსგანაც, რეგიონალური განვითარების სამინისტროსგანაც არის თანხმობა და თანამშრომლობის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელიც საბოლოო ჯამში გადაითარგმნება უკვე კანონპროექტის კანონად ქცევაში და შემდეგ უკვე მის აღსრულებაში“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (GREDA) გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.
კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და GREDA-მ ერთობლივად მოამზადეს. კანონი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმის დანერგვას, რომელიც, უპირველესად, ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა თუ სოფლის საჭიროებებისთვის აკუმულირებას გულისხმობს, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხები მოხმარდება ადგილობრივი დასახლებების განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია ენერგეტიკული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყებისთანავე სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ექნებათ ადგილობრივი დასახლების საერთო კრების მიერ განსაზღვრულ პირებს და სამოქალაქო საზოგადოებას - სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს, როგორ განიკარგოს და ადგილობრივად რა პროექტებს მოხმარდეს გენერაციის ობიექტების ქონების გადასახადიდან მიღებული თანხების კონკრეტული წილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
„თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
სხვა სიახლეები
არცერთ სექტორს არ ვაკნინებ, მაგრამ დღეს ენერგეტიკა არის ნომერ პირველ ადგილზე, ვინაიდან მასზეა დაფუძნებული დანარჩენი ეკონომიკური სექტორები - მაია მელიქიძე
23.02.2026.13:48
„დღეისათვის ჩვენი დადგმული სიმძლავრე 4600 მეგავატს შეადგენს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ეს მაჩვენებელი გააორმაგოს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„პირველი, 1 მილიარდი ლარის ჩამოწერა. გამოცემულია სპეციალური განკარგულება - ამ უკანასკნელის თანახმად, ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, 2026 წლის 16 მარტის სამუშაო დღის ბოლომდე განაცხადით მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მოხდეს გადახალისება იმ პროექტებისა რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა რომ რეალურად იყოს აშენებული და თუკი რომელიმე პროექტი ვერ აშენდება ინვესტორის გადმოსახედიდან - და ასეთი არსებობს - მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რომ კვალიფიციურ ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ შემოვიდნენ ბაზარზე.
ხაზგასმით ვამბობ კვალიფიციურ ინვესტორებს იმიტომ, რომ ბევრი სპეკულაცია ვნახეთ ჩვენ ბაზარზე და უკვე ეს სპეკულაცია უნდა ჩაიკეტოს ფილტრების შემოღებით, დამატებითი ფილტრების შემოღებით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ რეალური ინვესტორი. ეს ერთი ინსტრუმენტი. მეორე ინსტრუმენტი ამასთანავე მოხდა ის, რომ პროექტების გარკვეულ ნაწილს ადმინისტრაციული წარმოება შეუჩერდათ რამდენიმე თვის წინ. ეს იყო გამოწვეული სწორედ იმით, რომ დარეზერვებული იყო ამა თუ იმ რაიონსა თუ რეგიონში სიმძლავრეები და ახალი ინვესტორი ვეღარ შემოდიოდა“, - აღნიშნაGREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
მაია მელიქიძის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში სტაგნაციას განიცდიდა, ახლა მასობრივი რეფორმის გზაზე დგას
„ახლა ამ პრობლემების გადაჭრა ხდება და ეს გადაჭრა მტკივნეულია ცალსახად ისევე როგორც ნებისმიერი ოპერაცია, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია სრული გაჯანსაღება იმ სექტორისა რომელიც სტრატეგიულად ნომერ პირველ ადგილზე არის. მე არ ვაკნინებ არცერთ სექტორს, მაგრამ დღეს ენერგეტიკა არის ნომერ პირველ ადგილზე, ვინაიდან ამაზე არის დაფუძნებული მთელი დანარჩენი ეკონომიკური სექტორები. ეს სექტორი წლების განმავლობაში იყო გაჩერებული და სტაგნაციას განიცდიდა და ხდებოდა ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთი წლის მერე პრობლემების მოგვარების გადატანა.
დღეს აშკარად ვხედავთ რომ ასე აღარ არის და რეალურად ინვესტორებს პირდაპირ ეკითხება სახელმწიფო რომ „შვიდი პროექტი, რომ გაქვს ამ შვიდი პროექტიდან რამდენის აშენების საშუალება გაქვს შენ“. იმიტომ რომ გამოჩნდნენ ისეთი ინვესტორები, რომლებიც ამბობენ რომ შვიდიდან ხუთს ავაშენებ, დანარჩენი ორის მიმართ ინტერესი გამიქრა გარკვეული მიზეზების გამო, დეტალებში რომ აღარ შევიდეთ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების პერსპექტივები ფართოვდება – მთავრობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს.
„26 თებერვალს, სულ რამდენიმე დღეში გვაქვს შიდა ე.წ. შეკრება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც გვესტუმრებიან - EBRD, ADB, IFC, World Bank. შესაბამისად, ჩვენ მოვახდენთ უკვე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის განხილვას. მაგრამ მე აქვე დავაანონსებ რა პრობლემა გველოდება მომავალში - ეს იქნება გადამცემ ქსელთან დაკავშირებული სირთულეები. ასე რომ გენერაციის პრობლემას მოვაგვარებთ რა ამის პარალელურად უნდა ვიმუშაოთ გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება გენერაციის ობიექტები და ვერ გამოვიტანთ იქიდან ელექტროენერგიას“, - აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.