კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებას - ლევან მოსეშვილი
2 ივლისიდან, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings-ი პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კიოლნიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს. ახალი მიმართულებით რეისებo კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად გააფართოებს საქართველოსა და გერმანიას შორის პირდაპირ საჰაერო კავშირებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, კიოლნი სრულიად ახალ მიმართულებას წარმოადგენს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რაც ქვეყნის ავიაბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
,,ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ ახალი მიმართულების, კიოლნი-თბილისი-კიოლნის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაბაზრისთვის. ეს სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის აეროპორტისთვის, რომელიც მიმართულება ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს სექტორის გაძლიერებას და განვითარებას.
ლევან მოსეშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიცირება.
„ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და ავიამიმართულებების დამატებაზე. გერმანია ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოსთვის, და ჩვენი მიზანია საქართველოს, როგორც რეგიონული საავიაციო ჰაბის გაძლიერება,“ - აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2021 წელს დიუსელდორფიდან დაიწყო, მომდევნო წელს კი - შტუტგარდი-თბილისის მიმართულება დაამატა. ავიაკომპანიის სატარიფო პოლიტიკა მოიცავს სამ ძირითად კატეგორიას: BASIC, SMART და BIZclass, რაც მგზავრებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისი.
სხვა სიახლეები
საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა-გასულ წელს მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობამ 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია - ნათია თურნავა
24.03.2026.17:44
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „თიბისი კაპიტალის“ რიგით მეორე კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა და 450-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა საქართველოდან და რეგიონის ქვეყნებიდან.
ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და განხორციელებულ რეფორმებზე. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი კი, ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორი მყარი, მდგრადი და სტაბილურია. სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში. ორი უმსხვილესი ბანკი, მათ შორის "თიბისი ბანკი", წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს საფინანსო სისტემის ძლიერ მაჩვენებლებს. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საფინანსო სექტორის შემდგომი დივერსიფიკაცია, განსაკუთრებით კაპიტალის ბაზრების განვითარების კუთხით ,არსებითად მნიშვნელოვანია დაფინანსების წყაროების გასაფართოებლად და გრძელვადიანი, მდგრადი ზრდის მხარდასაჭერად.
ნათია თურნავას თქმით, საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა, ხოლო 2025 წელი ძლიერი და ხელშესახები პროგრესის კიდევ ერთი დასტური იყო. „2025 წლის ბოლოსთვის, მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების მოცულობა წლიურად 33.3%-ით გაიზარდა და 2.7 მილიარდ ლარს მიაღწია. გასული წელი ასევე გამოირჩეოდა ემისიის ყველაზე მაღალი აქტივობით - წლის განმავლობაში, ისტორიაში პირველად, 1.58 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი ემისია განხორციელდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზრის სავალუტო შემადგენლობა კიდევ უფრო დაბალანსდა. 2025 წელს ახალი ემისიების დაახლოებით 66% ლარში იყო დენომინირებული, წლის ბოლოსთვის მიმოქცევაში არსებული საჯარო კორპორაციული ობლიგაციების 54% ასევე ლარში იყო განთავსებული. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ზომის, არამედ მდგრადობის, ბაზრის სიმწიფისა და ნდობის თვალსაზრისითაც,“-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, ადგილობრივი კორპორაციული ემისიების მნიშვნელოვანი წილი მოდის საკრედიტო რეიტინგის მქონე ემიტენტებზე (2025 წელს ახალი ემისიების 79%), რაც ინვესტორთა მხრიდან გამჭვირვალობასა და რისკების შეფასებაზე გაზრდილ მოთხოვნას ასახავს.
ნათია თურნავა ასევე შეეხო საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების წარმატებით განთავსებას და აღნიშნა, რომ გასულ წელს, საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, არაერთი შეხვედრა გაიმართა ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყანაში. შედეგები მნიშვნელოვანია-ევრობონდების წარმატებული ემისიის დროს ინვესტორთა მოთხოვნამ შეთავაზებულ თანხას 5.5-ჯერ გადააჭარბა.
წლევანდელმა კონფერენციამ ერთ სივრცეში გააერთიანა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებლები. პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Morgan Stanley, ICBC Standard Bank, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, MetLife Investment Management, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Baker McKenzie, Latham & Watkins.