ხორბლის მოსავლის აღება 10-15%-ით გაგვიძვირდა, რეალიზაცია გართულდა - ასოციაცია
მეხორბლეების პრობლემა ისევ ვერ გვარდება. მთავრობის ჩარევის შედეგად ხორბლის დარჩენილი მარაგიდან მხოლოდ 10% გაიყიდა, ხოლო გაუყიდავ რაოდენობას ახალი მოსავალიც ემატება, რომლის ხარჯი, შარშანდელ სეზონთან შედარებით, 10-15%-ით არის გაზრდილი.
ამის შესახებ Business Insider Georgia- თან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
„მთავრობის ჩარევით ველოდით, რომ ხორბლის ფასი 70 თეთრს მიაღწევდა, მაგრამ დღესაც 40-45 თეთრზე ძვირად ვერ ვყიდით. ვითარება რთულია, დარგს ძალიან უჭირს. ამ დროს მოსავლის შენახვა-მოვლის ხარჯი იზრდება. მოსავლის მოყვანა 10-15%-ით გაგვიძვირდა. ხარჯები საწვავისა და მუშახელის დაქირავების გაზრდილმა ფასმა გააძვირა. წელს ყველაზე ძვირი მოსავალია.
შესაძლოა, შედარებით იაფი დაჯდეს მეორე მოსავალი, მაგრამ წინ მთელი ერთი წელია. ლაგოდეხში ფერმერებმა გამოაცხადეს, რომ 30%-ით ნაკლებ ხორბალს დათესავენ. ფერმერებთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო. არავის აინტერესებს დარგი, თუ წელს საპროგნოზო მაჩვენებელი 170 ათასი ტონაა, გაისად 100 ათას ტონაზე მეტი არ იქნება. მთავრობა აპირებდა, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-ით გაეზარდა, მაგრამ სავარაუდოდ მომავალი წლების განმავლობაში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 10%-ზე ჩამოვა, რაც სტრატეგიულ პროდუქტთან მიმართებით მწვავე პრობლემაა", - აცხადებს ბენიაიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აღებულია 15 000 ტონა ხორბალი, რაც საერთო მოსავლის 10%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში 5 თვით დროებითი მოსაკრებელი ამოქმედდა. მიზანია, ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო პირობების გათანაბრება.
სხვა სიახლეები
2025 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა - Galt & Taggart
18.11.2025.16:49
2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.
„პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს. 2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022- 23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 16.8%-ით გაიზარდა (9 თვეში +16.7% წ/წ), რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +11.8% წ/წ).
„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.
2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1,821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.