ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, ეს მიღწევადია - პრემიერი
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ზოგადად, რთული საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება თავისუფალ ბიზნესს, რომელიც თვითონ განსაზღვრავს ფასებს, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, რომ ერთად ვიმოქმედოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა გამონახოს ფასების შემცირების გზები.
„ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ჩვენ გვაქვს დაანონსებული პროცესი, რომელიც, მაქსიმუმ, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდეც უნდა იყოს შესაძლებელი ფასების შემცირება. გავაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან ამ მიზნის მისაღწევად,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
სხვა სიახლეები
სერბეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად შეფასდა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას
04.02.2026.16:25
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი. დადებითად შეფასდა საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე წაახალისებს ტურიზმსა და კულტურულ ურთიერთობებს.
ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ საქართველო-სერბეთის ერთობლივი კომისიის ფორმატის მნიშვნელობას სექტორული კავშირების გაღრმავების მიმართულებით, ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი სტიმულირებისთვის.
საქართველოსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა.