ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს - ინგა ფხალაძე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინგა ფხალაძის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და იტალიურ საკონსულტაციო კომპანია „CESI"-ის შორის ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს.
„ხელშეკრულების თანახმად, მოხდება შავი ზღვის ფსკერის კვლევა, რაც გულისხმობს ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც განსაზღვრას, თუ რა სახით განლაგდება კაბელის ზღვის ფსკერზე. გარდა ამისა „CESI"-ს უკვე ჩატარებული აქვს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამაც დაადასტურა, რომ ის ამ მაჩვენებლებით შესრულებადია. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ნამდვილად იფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში ენერგეტიკულ ჰაბად, რაც საქართველოსა და ევროპას, სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც ერთმანეთთან დააკავშირებს", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ხელშეკრულება გულისხმობს სატენდერო სამუშაოებისთვის დიზაინის და ზუსტი ჩამონათვალის განსაზღვრას, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება ტექნიკური კომპანიისთვის, რომელიც შავი ზღვის ფსკერის კვლევის სამუშაოებს შეასრულებს.
საქართველო-რუმინეთს შორის დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობას, ტრანზიტს, იმპორტსა და ექსპორტს ითვალისწინებს. ინგა ფხალაძე ხაზს უსვამს პროექტის დიდ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის - მისი შეფასებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს რეგიონს ახალ შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბია თავისი დანიშნულებით და ადგილმდებარეობით. აქამდე შესრულებული კვლევების თანახმად, 2029 წელს უნდა დასრულდეს ყველა სამუშაო, მათ შორის - ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური თუ ასევე სპეციალური ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება ამ აკვატორიაში. რაც შეეხება თავად პროექტს, 2032 წელს მან უკვე ფუნქციონირება უნდა დაიწყოს", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველო-იტალიის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა
01.05.2026.19:00
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველო-იტალიის სავაჭრო ურთიერთობებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა. საქსტატის მონაცემებით, სამი თვის ჯამში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 121 808.0 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით მეტია.
ექსპორტის ნაწილში ზრდა ფიქსირდება - საქართველოდან იტალიაში გაგზავნილი პროდუქციის ღირებულება 25 220.9 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში 28%-იან ზრდას ნიშნავს. ექსპორტის სტრუქტურაში კვლავ წამყვანი ადგილი უკავია თხილსა და კაკალს.
ფლაგმანი საექსპორტო პროდუსტებია თხილი და სხვა კაკალი, ფეროშენადნობები, ასევე ქიმიური სასუქები.
პარალელურად, იტალიიდან იმპორტი ზრდას განაგრძობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ იტალიიდან 96 587.1 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-იანი მატებაა.
იმპორტის სტრუქტურაში ძირითად წილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.