ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს - იტალიელი სომელიე
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა.
ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.
„ძალიან ამაღელვებელია ისეთი ღვინის დაგემოვნება, რომელსაც 8000-წლიანი დაყენების ისტორია აქვს. ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. საქართველოში გვხვდება ღვინის დაყენების როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდები. ბოლოს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, დავაგემოვნე რაჭა-ლეჩხუმის ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ღვინოები. მე ახლაც მახსოვს მისი გემო, ვიმედოვნებ, რომ ამ ჯიშის ღვინოებს აქაც ვიპოვი“, - აღნიშნა გუიდო ინვერნიციმ, რომელიც იტალიის სომელიეთა ასოციაციის წევრია.
33-წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან.
ქარული ღვინის პოზიციონირება აღნიშნულ ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს, რომ ღვინის სამშობლოდ აღიარებული საქართველო, რომელსაც ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია აქვს, დღესაც ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
11.12.2025.14:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.
ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.