ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 9,5 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია - TBC Capital
2025 წლის ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 11.2%-ით, 1,343 გვტ. საათამდე შემცირდა. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ დოკუმენტში „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი რიცხვებში - ივნისი“ არის აღნიშნული.
საიდანაც ირკვევა, რომ ამავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.5%-ით 1,061 გვტ. საათამდე შემცირდა. მიზეზი ივნისის თვეში გაგრილებაზე შემცირებული მოთხოვნაა.
საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.22 აშშ. დოლარი ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 0.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 235 გვტ. საათი ელექტროენერგია, ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 9.5 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.20:50
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან ერლან აკენჟანოვთან, რომლის დროსაც მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობა ენერგეტიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ყაზახეთის ენერგორესურსების, განსაკუთრებით, ნახშირწყალბადების ევროპაში ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მეშვეობით.
აღინიშნა, რომ ყაზახეთი ახორციელებს ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებას როგორც ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენით, ისე ბათუმის ნავთობ ტერმინალის მეშვეობით - მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, იგეგმება 1,5 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება.
ითქვა, რომ საქართველო დაინტერესებულია, რათა ყაზახეთმა მეტი ნახშირწყალბადის ტრანსპორტირება მოახდინოს საქართველოს სატრანზიტო დერეფნით და ამ მიზნით, მზადაა, განიხილოს ყაზახეთის მხარესთან პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ე.წ. „მწვანე" ელექტროენერგიის წარმოებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით. ყაზახეთი დაინტერესებულია, ევროპის ბაზარს მიაწოდოს „მწვანე" ელექტროენერგია და ამ მხრივ, განიხილავს საქართველოს გადამცემი ინფრასტრუქტურის გამოყენებას.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ენერგოსექტორში ყაზახური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას.
შეხვედრა ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას დაეწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი მესხელი.