ITU – ს ევროპის ოფისის ხელმძღვანელი - საქართველოს პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ციფრული კავშირების თვალსაზრისით
„ინტერნეტმმართველობის ფორუმი არის უმნიშვნელოვანესი მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ციფრულ განვითარებას და, ამავდროულად, აკავშირებს მას გლობალურ საზოგადოებასთან," - განაცხადა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა იაროსლავ პონდერმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
იაროსლავ პონდერმა ინტერნეტ - მმართველობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა. „ჩვენ აქ ვიმყოფებით, რათა გავმართოთ საკოორდინაციო შეხვედრების სერია საქართველოს მთავრობასთან და ხელი შევუწყოთ ციფრულ განვითარებას, განსაკუთრებული აქცენტით განვითარებად ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი. აღსანიშნავია მთავრობის მიდგომა - უზრუნველყოს ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ზრდის სტიმულირება," - აღნიშნა საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა.
იაროსლავ პონდერმა დადებითად შეაფასა საქართველოში ინტერნეტ - ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესი. „ვამაყობთ, რომ საქართველოში ვხედავთ ინტერნეტის შეღწევადობის მაღალ მაჩვენებლებს და ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის, მათ შორის 5G-ის დანერგვაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც მოსახლეობა აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს. საქართველოს ხელისუფლების პროაქტიული მიდგომა და ევროპულ სტრუქტურებთან კოორდინაცია დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას, განსაკუთრებით კი ციფრული კავშირების თვალსაზრისით," - აღნიშნა მან.
„ჩვენ ვგეგმავთ მუშაობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში ისეთ გამოწვევებზე, როგორიცაა ციფრული უნარების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა საწარმოო დონეზე და მისი გამოყენება მოქალაქეების მიერ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულმა ინვესტიციებმა შედეგი გამოიღოს და ციფრულ კავშირს ქვეყნისთვის რეალური, შინაარსობრივი დანიშნულება ჰქონდეს. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას," - აღნიშნა იაროსლავ პონდერმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი
16.04.2026.21:51
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.