იტალია–საქართველოს ორმხრივი ურთიერთობა თანდათან უფრო ინტეგრირებულ მოდელად ვითარდება, რომელიც აერთიანებს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და სამრეწველო თანამშრომლობას - მასიმილიანო დ'ანტუონო
საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ღია ეკონომიკური ჩარჩო და მისი მზარდი რეგიონული ჰაბის როლი ევროპასა და აზიას შორის ქმნის ფართო შესაძლებლობებს იტალიის ჩართულობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონომ Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა,
ელჩმა დაასახელა ის მიმართულებები, სადაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების დიდი პოტენციალია.
„იტალია სტაბილურად რჩება საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სავაჭრო პარტნიორად. საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს იტალია ევროკავშირის დონეზე მე-3 ადგილზე იყო, გერმანიის და ბულგარეთის შემდეგ, ხოლო საქართველოს მიმართულებით ექსპორტის კუთხით მე-2 ადგილი დაიკავა, კვლავაც გერმანიის შემდეგ.
ექსპორტის სტრუქტურაში, იტალიის ძლიერი სამრეწველო და საწარმოო პროფილიდან გამომდინარე, მანქანა-დანადგარები ორმხრივი ვაჭრობის ძირითად საყრდენს წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების ექსპორტის ზრდა 16.4 მილიონი ევროდან 20.6 მილიონ ევრომდე (+25.3%), მაშინ როდესაც სტანდარტული და ზოგადი დანიშნულების მანქანა-დანადგარების ექსპორტი შემცირდა (შესაბამისად -20.2% და -30.3%). ეს მიანიშნებს უფრო სპეციალიზებულ, პროექტებზე ორიენტირებულ აღჭურვილობაზე გადასვლაზე.
2025 წლის გამორჩეულ მოვლენად უნდა ჩაითვალოს ავტომობილების ექსპორტის მკვეთრი ზრდა (+285.2%). ეს ზრდა, სავარაუდოდ, ასახავს არამხოლოდ საქართველოს მზარდ როლს როგორც რეექსპორტის, ლოგისტიკისა და დისტრიბუციის ჰაბს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებისთვის, არამედ მოთხოვნის გაძლიერებას და, შესაძლოა, ახალი კომერციული ან ასამბლეის არხების ჩამოყალიბებას. გემებისა და ნავების ექსპორტმაც მნიშვნელოვნად მოიმატა - პრაქტიკულად ნულოვანი დონიდან 12.8 მილიონ ევრომდე, რაც ადასტურებს მაღალი ღირებულების, ერთჯერადი სამრეწველო და სატრანსპორტო პროექტების წინსვლას.
აგროსასურსათო და ფარმაცევტული პროდუქცია კვლავ რჩება ორმხრივი ვაჭრობის სტრუქტურულად მნიშვნელოვან კომპონენტებად, მიუხედავად ზომიერი შემცირებისა (შესაბამისად -5.3% და -11.9%).
იტალიური ტრადიციული სამომხმარებლო სექტორები უფრო შერეულ დინამიკას აჩვენებს, რაც შესაძლოა ციკლური მოთხოვნის კორექტირებას უკავშირდებოდეს. კოსმეტიკისა და პირადი მოვლის საშუალებების ექსპორტმა ზრდა გააგრძელა 20.7 მილიონი ევროდან 22.6 მილიონ ევრომდე (+9.1%), რაც მიუთითებს იტალიური ცხოვრების სტილისა და ხარისხიანი პროდუქციის მიმართ მდგრად მოთხოვნაზე. ამასთან, ტანსაცმლის ექსპორტი შემცირდა 32.3 მილიონი ევროდან 29.0 მილიონ ევრომდე (-10.3%), ხოლო ფეხსაცმლის ექსპორტი შედარებით სტაბილურად დარჩა, დაახლოებით 13.3 მილიონ ევროზე (-2.4%). ავეჯის ექსპორტი ზომიერად შემცირდა და 15.3 მილიონ ევროს (-7.2%) შეადგინა, რაც შესაძლოა ფასების მიმართ მგრძნობელობასა და სუსტ დისკრეციულ მოხმარებას უკავშირდებოდეს.
თუმცა პოტენციალი გაცილებით მეტია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ღია ეკონომიკური ჩარჩო და მისი მზარდი რეგიონული ჰაბის როლი ევროპასა და აზიას შორის ქმნის ფართო შესაძლებლობებს იტალიის ჩართულობის გაღრმავებისთვის განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ავტომობილების წარმოება, სპეციალიზებული მრეწველობა, სამრეწველო პროექტები, განახლებადი ენერგია, სამშენებლო მასალები, აგროპროცესები და ლოგისტიკური მომსახურებები.
შედეგად, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა თანდათან უფრო ინტეგრირებულ მოდელად ვითარდება, რომელიც აერთიანებს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და სამრეწველო თანამშრომლობას“, - აღნიშნა მასიმილიანო დ'ანტუონომ.
დღის ტოპ 10 სიახლე
გომი-კორბოულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
სხვა სიახლეები
შესაძლოა, ვიფიქროთ ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე - პრემიერი
09.02.2026.23:34
შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ვიფიქროთ კონკრეტული კანონმდებლობის, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაზე, შეიძლება, სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გუნდში მიმდინარეობს მსჯელობა სხვადასხვა ალტერნატივაზე ფასების შემცირების მიმართულებით.
„შესაძლოა, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ვიფიქროთ ჩვენ კონკრეტული კანონმდებლობის შემუშავებაზე, მათ შორის, ანტიმონოპოლიური მიმართულებით. ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და იმაზეც კი გვქონდა საუბარი, რომ შეიძლება სახელმწიფოს მხარდაჭერით ვიზრუნოთ ალტერნატიული მიწოდების ქსელის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც ექნება ფასების რეგულატორის ფუნქცია. ასეთი რამეც კი შეიძლება გაკეთდეს, როგორც სურსათის, ისე თუნდაც საწვავის და მედიკამენტების შემთხვევაში. სხვადასხვა ალტერნატივა შეიძლება არსებობდეს, თუმცა მანამდე გვაქვს იმედი, რომ უშუალოდ ბიზნესის მხრიდან მოხდება ფასების შემცირება, რაც, ვფიქრობ, შესაძლებელია“, - აღნიშნა პრემიერმა.