ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის საავიაციო ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარზე იქონიებს გავლენას - Galt & Taggart
Galt & Taggart-ი ტურიზმის 2026 წლის I კვარტლის შეჯამებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. შესაბამისად, 2026 წლის I კვარტალში ტურისტების რაოდენობა წლიურად 4.0%-ით გაიზარდა და 1.0 მლნ-ს მიაღწია, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორები წლიურად 19.0%-ით შემცირდა და 0.2 მლნ შეადგინა.
,,საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+5.2% წ/წ), თურქეთიდან (+5.8% წ/წ), უკრაინიდან (+24.5% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ) და ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) დააკომპენსირა ვიზიტორების კლება ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა. ინდოეთიდან ვიზიტორების 29.5%-იანი კლება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება: ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების შეჩერებას და ინდოეთიდან ქუთაისის მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების შეზღუდვას.
ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის საავიაციო ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარზე იქონიებს გავლენას. თუმცა, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტურისტების ზრდა, ასევე, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და რუსეთიდან მზარდი საჰაერო ნაკადები, ხელს შეუწყობს ტურისტების საერთო ზრდას 2026 წელს. ამასთან, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს”, - წერს Galt & Taggart-ი.
2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+36.4% წ/წ), თურქეთიდან (+12.2% წ/წ), უკრაინიდან (+34.2% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+47.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთის სხვა ძირითადი ქვეყნებიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. ,,ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი შემცირებულია ჩვენს თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით (5.0 მლრდ აშშ დოლარი) და ეფუძნება დაშვებას, რომ ირანის ესკალაცია მოკლევადიანი იქნება”, - აღნიშნავს Galt & Taggart-ი.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი გავაძლიეროთ - მარიამ ქვრივიშვილი
22.04.2026.18:02
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებები შევიდა. შეთანხმებაში ცვლილების ოქმს, საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მოაწერა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან კომერციის მინისტრმა ვანგ ვენთაომ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ხელმოწერილი ოქმი მიზნად ისახავს არსებული შეთანხმების კიდევ უფრო გაღრმავებას და თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან მის ადაპტაციას.
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პროცესში და მოლოდინი გვაქვს, რომ ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ბოლო წლებში ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი დინამიკა შეიძინა, რაც განპირობებულია როგორც მაღალი დონის პოლიტიკური ჩართულობით, ისე ბიზნესსექტორებს შორის მზარდი თანამშრომლობით" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, განახლებული შეთანხმება ქმნის უფრო თანამედროვე და მოქნილ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც არსებული თანამშრომლობის სფეროების დაზუსტებას, ისე ახალი მიმართულებების დამატებას. ამასთან, ინვესტიციების და ელექტრონული კომერციის მიმართულებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ქართველი მწარმოებლებისთვის ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრებისათვის. ასევე ითქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩინურ ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის აღინიშნა მიღწეული პროგრესი ფრინველის ხორცის და ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე დაშვების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ (2018 წლის პირველი იანვრიდან), 2025 წელს ექსპორტმა შეადგინა 327,6 მლნ აშშ დოლარი, რაც 62%-ით მეტია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით. 2025 წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 148%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებლებს.
„ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი შესაძლებლობები, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ქართული პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე და გავაძლიეროთ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.