ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც - ნათია თურნავა აშშ-ს ვიზიტს აჯამებს
ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც, - ასე აფასებს სებ-ის პრეზიდენტი აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, სადაც ნათია თურნავა ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმყოფებოდა. აშშ-ში სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს მართავდა, როგორც თავად სებ-ის პრეზიდენტი, ასევე პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა JPMorgan-ის ორგანიზებითაც გაიმართა.
„საინვესტიციო ბანკმა JPMorgan-მა ორგანიზება გაუწია ჩვენს შეხვედრას საინვესტიციო ფონდებთან. საინვესტიციო ფონდები ძირითადად მსხვილი და ინსტიტუციური, კერძო ინვესტორები ფონდების სახით იყვნენ წარმოდგენილები. ნაწილი ამ საინვესტიციო ფონდების აქტიურები არიან, უკვე ისედაც არიან ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილები. ძირითადად ფასიანი ქაღალდების ვაჭრობით არიან დაკავებულები, ჩვენი სახაზინო ობლიგაციების, ჩვენი ფასიანი ქაღალდებით ინტერესდებიან. ნაწილი ახალი ინვესტორები იყვნენ, ვინც ახლა სწავლობდნენ საქართველოს ბაზარს. ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც. რამდენიმე თვის წინაც მქონდა მე ევროპაში მსგავსი შეხვედრა, ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში ვაწყდები იმიტომ, რომ ინტერესი არის ძალიან მზარდი. და ამას აქვს მარტივი ახსნა. საქართველო ამ გლობალური გამოწვევების, მაღალი გაურკვევლობის, ეკონომიკური კრიზისის, რყევების ფონზე წარმოადგენს ძალიან მომგებიან კონტრასტს. და მართლაც თვალსაჩინო მაგალითს, სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს რეგიონში ვიმყოფებით. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა და სადაც არის სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა, არის გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს არ არის ერთჯერადი ფაქტორი, რაღაცით გამოწვეული. ბოლო 4 წლის განმავლობაში, რომ ავიღოთ ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,4%-ია. ახლა, რომ ვიყავით ვაშინგტონში ჩასულები სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა სსფ-ს ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო რომ შეხედოთ შედარების ცხრილებს, მეორეა ზოგადად მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზეა რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით - 10,7%. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება ექნება. ჩვენთან ჩადებულ თითოეულ დოლარზე, ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უკუგებას ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველო რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა ფაქტორს გააუმჯობესებს მისთვის“, - აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება.
„ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორია რა თქმა უნდა ინვესტიციები. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია. დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მშპ მარტში გაზრდილია 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ. ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%-ი, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება | IMF მისია
14.11.2026.02:36
მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განაცხადს ვიზიტის მსვლელობისას მათი მიგნებების შესახებ. ეს განაცხადი ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლოა, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს აზრს. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოზე არ განიხილება.
ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 2026 წლის 13 ნოემბერი: ამა წლის 9-13 ნოემბერს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ-ს) მისიამ ბატონი ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით თბილსში შეხვედრები გამართა ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესის შესაფასებლად. ვიზიტის დასასრულს ბატონმა ჰაიდენბერგმა განაცხადა შემდეგი:
საქართველოს ეკონომიკა ზრდის მაღალ მაჩვენებლებს ინარჩუნებს, გეოპოლიტიკური გაურკვევლობის და ენერგომატარებლების მაღალი ფასის მიუხედავად. 2026 წლის იანვარსექტემბერში რეალური მშპ 7.4 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკურ საქმიანობაში წამყვანია საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, და ვაჭრობის სექტორები, თუმცა ბოლო თვეებში ზრდის ტემპის მოდერაცია შეიმჩნევა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ტურიზმიდან მიღებულ ერთობლივ შემოსავლებზე და მთლიან ეკონომიკაზე დღეის მდგომარეობით მხოლოდ შეზღუდული გავლენა მოახდინა, თუმცა, ტურისტების ვიზიტები უშუალოდ ომთან დაკავშირებული ქვეყნებიდან შემცირდა. 2025 წელს 7.5 პროცენტით ზრდის შემდგომ, 2026 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტია, ხოლო 2027-ში 5.7 პროცენტი, რაც ნიშნავს რომ ზრდის ტემპი თავის საშუალოვადიან პოტენციურ, 5 პროცენტიან, ზრდის ტემპს თანდათან მიუახლოვდება.
ინფლაცია 2025 წლის მარტის შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს აღემატება; ხოლო 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტს მიაღწია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ენერგომატარებლების გაზრდილი ფასები ინფლაციის ძირითადი მამოძრავებელია, ინფლაციური წნეხი გაფართოვდა. საბაზო ინფლაციამ ოქტომბერში 4 პროცენტი შეადგინა, სადაც ვაჭრობადი საქონლის ინფლაცია იზრდება და მომსახურების სფეროს მომატებული ინფლაცია ნარჩუნდება. ენერგომატარებლების ფასის ზრდის ეფექტის გალევასთან ერთად ინფლაციის ტემპი შემცირდება, მაგრამ, ახლო მომავალში, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) თარგეთს ზევით შენარჩუნდება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტამდე ამა წლის მაისში გაზარდა და მას შემდეგ იგივე დონეზე შეინარჩუნა. თუ ინფლაცია ადრე ნავარაუდევზე მეტად გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას იქნება საჭირო ინფლაციის თარგეთთან დასაბრუნებლად. მონეტარული პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ მეორე რაუნდ ის ეფექტები და ინფლაციის მოლოდინები.
საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 2026 წლის პირველ ნახევარში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 2.5 პროცენტამდე შემცირდა, ძლიერი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის ექსპორტის და მთლიანი იმპორტის ნაკლებ ინტენსიური ზრდის გამო. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო სავალუტო რეზერვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოქტომბრის ბოლოსთვის 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რამეთუ საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს უცხოური ვალუტის შესაძლებლობისთანავე შესყიდვებს, ძლიერი მიმდინარე ანგარიშის ბალანსის და დიდი ფინანსური შემოდინებების პირობებში. რეზერვების დაგროვებისადმი არსებული მიდგომა შეეფერება გარეშე შოკების მიმართ მედეგობის ზრდის მიზანს და ხელს უწყობს ბაზრის ნდობას და გაცვლითი კურსის მოქნილობას.
ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო გაურკვევლობა მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკურმა დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, - შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა.
ფისკალური პოლ იტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტიმშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს. ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების აუთვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას. შესყიდვების კონტრაქტების დახვეწა და პროექტების მზაობის უკეთესი მაჩვენებელი ხელს შეუწყობს 2027 წელს კაპიტალური ბიუჯეტის უფრო დროულ შესრულებას, თუმცა განხორციელების რისკები ნარჩუნდება. ენერგომატარებლების გაზრდილი ფასების საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს მიზნობრივი, იცავდეს მოწყვლად ოჯახებს და არ გულისხმობდეს ისეთ ფართომასშტაბიან ჩარევებს, რომლებიც გაზრდის ფისკალურ ხარჯებს და შეცვლის ფასების სიგნალს ბაზრისთვის.
საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკები კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების კუთხით. სექტორის განვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია ეფექტიანი ზედამხედველობა და აღსრულება, მათ შორის - ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული მყარი დამცავი მექანიზმების განხორციელება.
ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის. ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ბოლოხანს შეტანილი ცვლილებები მნიშვნელოვან გაუმჯობესებას წარმოადგენს. ეს ცვლილებები ნერგავენ კოლეგიალურობის პრინციპს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღებისას, აძლიერებენ სებ-ის მმართველი საბჭოს წევრების ადგილმონაცვლეობის მექანიზმს და საბჭოს წევრობის კვალიფიკაციის კრიტერიუმებს. სსფ-ს მისია მიესალმება ხელისუფლების განზრახვას გადაწყვეტილების მიღების კოლეგიალური მოდელი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც დაინერგოს. ამასთან მოვუწოდებთ მიიღონ ზომები, რომ სებ-ის მმართველ საბჭოში არამმართველი წევრების უმრავლესობა მუდმივად იქნას შენარჩუნებული, ადრე გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.
სახელმწიფო საწარმოების მონიტორინგსა და ფინანსურ ზედამხედველობაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე დაყრდნობით, ახლახან მიღებული სახელმწიფო საწარმოების სამოქმედო გეგმა შემდგომი რეფორმების საფუძველს ქმნის. მნიშვნელოვანი იქნება მისი ეფექტიანი განხორციელება. კორპორაციული მართვისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ უნდა იმუშოს ფინანსებზე წვდომის კუთხით ბაზრის ხარვეზების შემთხვევებში, და შექმნას ისეთი პირობები, რომ თავი აარიდოს კერძო დაფინანსების ჩანაცვლებას პროექტებში და ფისკალური რისკების შექმნას.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ხელისუფლებას და ყველა სხვა პარტნიორს გულითადი მასპინძლობისთვის და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა სებ-ის პრეზიდენტს ქალბატონ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს. 2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.