ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 92% საქსტატი
შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2025 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 92.0 პროცენტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 95.2 და 87.6 პროცენტი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.9 და 94.5 პროცენტი შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9 პროცენტმა, რაც 3.2 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 91.6 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 81.8 პროცენტით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 88.2 პროცენტს, ხოლო კაცების შემთხვევაში 87.6 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99.0 პროცენტს შეადგენს.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 95.4 პროცენტი ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 4.3 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც (მაგრამ არა ყოველდღე), 0.4 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.2%), სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55.7%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (52.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (47.7%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (45.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (38.5%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (13.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.0%).
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 37.4 პროცენტმა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 43.4 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 26.1 პროცენტი. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 41.0 პროცენტს, კაცებისათვის კი 33.3 პროცენტს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 61.1 პროცენტი, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 38.3 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 15.3 პროცენტია.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.5 პროცენტმა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.6 პროცენტს, ხოლო კაცებისათვის - 99.5 პროცენტს შეადგენს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 58.8 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 67.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 47.2 პროცენტი. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 70.9 და 69.0 პროცენტი შეადგინა.
6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.5 პროცენტმა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 58.2 პროცენტია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 34.9 პროცენტი. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49.5 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 49.4 პროცენტს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 87.6 პროცენტი შეადგინა.
5 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 71.4 პროცენტი კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19.9 პროცენტი - კვირაში ერთხელ მაინც, 8.7 პროცენტი კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
02.09.2025.18:05
IT სფეროში მომუშავე უცხოელი სპეციალისტები, რომელთა წლიური შემოსავალი 25,000 დოლარის ეკვივალენტს აღემატება, საქართველოში 3 წლით ბინადრობის ნებართვას სპეციალური პირობებით მიიღებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ სფეროში საქართველოს კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანიის მოზიდვას, მეტი მაღალანაზღაურებადი ტექნოლოგიური სამუშაო ადგილის შექმნას და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდას.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის მიერ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით კი IT მიმართულებით ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველო ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად რეგიონში ტექნოლოგიური IT კომპანიებისთვის.
"ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150-ზე მეტი საერთაშორისო გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი გაიხსნა. საქართველოში ათასობით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ თავად კომპანიებიც აქტიურად ახორციელებენ ინვესტირებას ადგილობრივი კადრების ზრდაში და ამით ქართველ სპეციალისტებს საშუალება მიეცათ, საქართველოს დატოვების გარეშე, იმუშაონ საერთაშორისო კომპანიებში გლობალურ პროექტებზე. შედეგად, 2 მლრდ ლარს გადააჭარბა IT ტექნოლოგიების ექსპორტმა, რაც უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ეკოსისტემის გაუმჯობესებისათვის საქართველოს მთავრობამ, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი მექანიზმები შეიმუშავა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში IT მიმართულებით კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბებასა და ზრდას, IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მეორე მხრივ, საერთაშორისო IT კომპანიების საქართველოში შემოსვლას.