ინოვაციები გვექნება შესყიდვების კანონში - ლევან ჟორჟოლიანი
არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ეფექტიანობის დეპარტამენტმა, სახელმწიფო შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტთან ერთად, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ახალი, ეფექტიანი მიდგომები დანერგა. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის ინსტიტუციური როლი და საზედამხედველო ფუნქცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მთავრობის ადმინისტრაცია ახლა უფრო ეფექტიანად ახორციელებს ყველა სამინისტროს, სახელმწიფო საწარმოსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლს, რაც მიზნად ისახავს აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის უფრო კოორდინირებულ და ეფექტიან მართვას.
„ჩვენ მივიღეთ ის, რომ რეალურად გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის, ინსტიტუციურ ნაწილს თუ შევხედავთ, გაძლიერდა მთავრობის ადმინისტრაციის საზედამხედველო ფუნქცია, რომელიც გამომდინარეობს პრემიერის კონსტიტუციური უფლებამოსილებიდან - გააკონტროლოს აბსოლუტურად მთავრობის ყველა სამინისტრო, იქნება ეს სახელმწიფო საწარმო, თუ სსიპ-ი. ანუ, ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობაში შედის.
ჩვენ გვქონდა, არასწორი პრაქტიკები და ეფექტიანობის დეპარტამენტმა, რომელიც ნამდვილად ძალიან პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება, რომლებიც კონკრეტულ დარგებში არიან სერიოზული პროფესიონალები, მათთან ერთად მთავრობის შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტი -ეს ორი დეპარტამენტი ერთად მუშაობს რეალურად, მოახერხეს ის, რომ შეიძლება ითქვას, ახალი კულტურა დაინერგა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მათ შორის შესყიდვების სააგენტოსთან, რომელსაც ასევე ძალიან პროფესიონალური გუნდი ჰყავს და ერთობლივად, შევძელით ის, რომ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ. ერთ-ერთი გარდამტეხი ცვლილება იყო ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა - EMRS, რომელიც ახლა ამოქმედდა, პირველი იანვრიდან ოფიციალურად სავალდებულო გახდა ყველა შემსყიდველისთვის, რომ ბაზრის კვლევები გააკეთონ ელექტრონულად.
ჩვენ უკვე მივაღწიეთ იმას, რომ 4 მილიარდის ბაზრის კვლევა გაატარა სისტემამ, 4 მილიარდის ღირებულების, საიდანაც 75% დასრულდა დადებითი შედეგით. ანუ გვქონდა ერთზე მეტი პრეტენდენტი, შემოვიდა, რომელმაც კონკრეტული ფასი დააფიქსირა“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოში საჯარო შესყიდვების სისტემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და პროცესების დიდი ნაწილი უკვე ელექტრონულ პლატფორმებზეა გადატანილი, რაც სუბიექტივიზმის შემცირებას და გამჭვირვალობის ზრდას უზრუნველყოფს.
„საჯარო დაწესებულებებში მომუშავე შესყიდვების სპეციალისტებმაც ძალიან კარგად აითვისეს ეს მოდული. ძალიან მაგრად მუშაობს, იმიტომ რომ 4 მილიარდის ღირებულების აწევა და ამისი გატარება არის რთული, მათ შორის პროგრამულადაც. ეს ეფექტიანად მუშაობს და მთავარი, ზოგადად სახელმწიფო შესყიდვებში არის საიდან იღებ ფასს. ანუ ვაჭრობას ჩვენ საიდან ვიწყებთ. თუ არასწორად ვმუშაობთ, მაშინ ვაჭრობას დავიწყებთ ძალიან მაღალი ფასიდან. თუ სწორად ვმუშაობთ, თუკი კომპანიებმა არ იციან რას წერენ სხვები, თუ არ არსებობს რაღაც კარტელური შეთანხმებები, მათ შორის საჯარო დაწესებულებასთან თუ კოორდინაციას არ უწევს - ეს სისტემა ამას გამორიცხავს. იმიტომ რომ ვერც თვითონ საჯარო დაწესებულება, სანამ ვადა არ ამოიწურება, ვერავის შეთავაზებას ვერ ნახულობს, ვერც დაფიქსირებულ ფასს ვერ ნახულობს.
ასევე ჩვენ ჩავაშენეთ კითხვა-პასუხის რეჟიმი, რომ რაღაც დაზუსტება თუ უნდა მაგალითად კონკრეტულ პრეტენდენტს, შეუძლია ონლაინ რეჟიმში მიწეროს შემსყიდველს და ონლაინ რეჟიმშივე მიიღოს პასუხი. ახლა ვგეგმავთ, რომ შესყიდვების ხელშეკრულების მონიტორინგიც გადავიტანოთ ელექტრონულ პლატფორმაზე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, პროგრამული ნაწილი არის ახლა გასავლელი, იდეურ დონეზე რა თქმა უნდა მზად არის. შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოც გვინდა ამაში შევქმნათ და გვინდა, რომ ტექნოლოგიები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. რატომ? რომ სუბიექტივიზმი გამოირიცხოს. ამას ბოლომდე ვერ გამორიცხავ, თუმცა თუ ამას შეამცირებ რაღაც 90%-ით, ძალიან მაგარ შედეგს ვიღებთ. EMRS-ის სისტემამ მოახერხა, რომ 4 მილიარდის ბაზრის კვლევები ასწია, არ გვქონია პროგრამული შეფერხებები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 75% დასრულდა დადებითად. ეს ნიშნავს, რომ იქ იყო კონკურენცია, ფასები დააფიქსირეს ერთზე მეტმა კომპანიამ და შემსყიდველმა ორგანიზაციამ შემდგომში ტენდერში გამოსაცხადებელი ფასი აიღო სწორად.
ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ეს არის: ერთი იდეურად, კულტურულად გადავტეხეთ რაღაც პრაქტიკები საჯარო შესყიდვების მიმართულებით. კიდევ ვაგრძელებთ, იმიტომ რომ დეპარტამენტი მათ შორის ეხლა მუშაობს შესყიდვების კანონის ცვლილებებზე და ინოვაციები გვექნება შესყიდვების კანონში, რომელიც მათ შორის ბიზნესისთვისაც სიახლეები იქნება და ამაში კონსულტაციებს აუცილებლად გავივლით.
ვითარდება ეს დეპარტამენტი, შესყიდვებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტთან ერთად. მივიდეთ იქამდე, რომ დღეს თუ ეკონომიები არის ძალიან ბევრი, საბოლოო ჯამში რამდენიმე წელიწადში ეს რიცხვები უნდა შემცირდეს, იმიტომ რომ მათ აღარ უნდა დასჭირდეთ ეკონომია - საფუძველშივე სწორ ფასს აიღებენ“, - განმარტა ჟორჟოლიანმა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეფექტიანობის დეპარტამენტს, მონიტორინგთან ერთად, საკონსულტაციო ფუნქციაც აქვს და მისი როლი მხოლოდ ზედამხედველობით არ შემოიფარგლება.
„ძალიან ბევრი სამინისტრო, თუ საქვეუწყებო, თუ სსიპ-ი იქნება ეს, თუ მათ შორის სახელმწიფო კომპანია, სარგებლობს მათი კონსულტაციებით. ანუ ძირშივე ყველას უნდა, რომ თუ ეფექტიანობის დეპარტამენტმა შეათანხმა წინასწარ გარკვეული პარამეტრები, პირობები და ასე შემდეგ და მწვანე აუნთო… ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იყოს მხოლოდ მონიტორინგზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანი არ არის ვიღაცის მხილება, ეს არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ბიუჯეტი ისე იხარჯებოდეს, რომ ვიღებდეთ ადეკვატურ პროდუქტს და მაქსიმალურად გამოვრიცხოთ რაღაც შიდა გარიგებები ან კარტელური შეთანხმებები გარედან“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის როლის გაზრდას შუა დერეფანში - თამარ იოსელიანი
24.04.2026.12:16
„რკინიგზა არის შუა დერეფნის ხერხემალი და ამ კუთხით მას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, მთავრობა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.
„დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდა გამტარუნარიანობა, ასევე შემცირდა ქვეყნის გადაკვეთის დრო, რაც ცალსახად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი როლი შუა დერეფნის კონტექსტში იზრდება, მათ შორის იმ კუთხით, რომ ვხდებით პროგნოზირებადი, სანდო პარტნიორი შუა დერეფანში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობამ საქართველოს რკინიგზაში რეფორმის სახით დაგეგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკკვე დააანონსა ის ახალი პროექტები, რომელსაც საქართველოს რკინიგზა განახორციელებს. ეს არის ახალი სალოკომოტივო პარკის შეძენა, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო და სამგზავრო მიმართულებების გაძლიერებას გეგმავს და კომპანია დაახლოებით 50 ახალ ლოკომოტივს შეიძენს, განაახლებს სავაგონო პარკს, მოხდება 1500 ვაგონის შეძენა, დანერგავს ახალ ელექტრონულ სერვისებს, ასევე შეიძენს 10 სამგზავრო მატარებელს და განაახლებს არსებულ შემადგენლობას, რაც ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას შექმნის.