ინფლაცია კვლავ დაბალია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური - ნათია თურნავა
ინფლაცია კვლავ დაბალია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. ნათია თურნავა, რომელიც აშშ-ში ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმყოფებოდა, საქართველოში საკმაოდ პოზიტიური მოლოდინებით დაბრუნდა. მით უმეტეს, რომ მის პოზიტივს არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრებიც ამყარებს.
„ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,4%-ია. ახლა, რომ ვიყავით ვაშინგტონში ჩასულები სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა სსფ-ს ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო რომ შეხედოთ შედარების ცხრილებს, მეორეა ზოგადად მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზეა რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით - 10,7%. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება ექნება. ჩვენთან ჩადებულ თითოეულ დოლარზე, ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უკუგებას ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველო რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა ფაქტორს გააუმჯობესებს მისთვის“, - აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება.
„ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორია რა თქმა უნდა ინვესტიციები. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია. დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მშპ მარტში გაზრდილია 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ. ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%-ი, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
სხვა სიახლეები
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს | მარიამ ქვრივიშვილი
08.11.2026.11:39
„შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, როგორც ჩინეთსა და ევროპას შორის დამაკავშირებელი საიმედო სატრანზიტო დერეფანი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად დაესწრო.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრმა აქცენტი შუა დერეფნის კონტექსტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკვანძო როლზეც გააკეთა.
„ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც შავ ზღვაზე შუა დერეფნის კარიბჭე გახდება და ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობაში მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს შეასრულებს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან პროგრესს საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო კავშირების მიმართულებითაც.
„ივლისში ურუმჩი-თბილისის რეისს დაემატა შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისი. მოხარული ვარ, რომ ჩემი ბოლო ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია China Eastern-თან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 2027 წლიდან ფრენების აღნიშნული, კვირაში 3 სიხშირე გაიზრდება კვირაში 5 სიხშირემდე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირების, ტურიზმის, ბიზნეს კავშირებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მხარეები ასევე აქტიურად მუშაობენ პეკინიდან, გუანგჭოუდან და ჩენგტუდან პირდაპირი ავიარეისების ამოქმედების შესაძლებლობებზე.