ინდექსები ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესები არის ქვეყანაში, არის თუ არა ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია - ლევან ჟორჟოლიანი
„ინდექსების თვალსაზრისითაც 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო და დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაციების შეფასებებით ქვეყანამ პროგრესი აჩვენა ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციისგან თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, რაც, მისი განცხადებით, ბოლო წლებში მიღებული სისტემური გადაწყვეტილებების შედეგია.
„ჩვენ ვნახეთ უამრავი ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი, რომელიც აფასებს საქართველოს - ზოგადად ქვეყნებს აფასებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიც არის, ვთქვათ, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, კორუფციისგან თავისუფლების ინდექსი, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და სხვადასხვა მიმართულებით ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა. რა თქმა უნდა, ეს გამოწვეული არის იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომელიც მთავრობამ მიიღო 2025 წელს და წინა წლებშიც, ეს ყველაფერი შემდეგ ინდექსებში აისახება.
ინდექსები არის იმისთვის, რომ მერე თუნდაც ინვესტორებისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა სახის თამაშის წესები არის ქვეყანაში, რა მდგომარეობაა, არის თუ არა იქ ეკონომიკური სტაბილურობა, როგორ მუშაობს ბიუროკრატია. ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამით შეგიძლია პოზიციონირება, მათ შორის, როდესაც თუნდაც კონკრეტულ ქვეყანაში ჩადიხარ, იქ ვთქვათ გაქვს მოლაპარაკებები სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით, ხვდები იქაურ ბიზნეს სექტორს და ეს ინდექსები, რა თქმა უნდა, ძალიან გეხმარება. პლუს ამას, შენ თვითონ ხედავ, კონკრეტულმა გადაწყვეტილებამ თუ რეფორმამ რა შედეგი მოიტანა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა და მიმდინარე რეფორმები უკვე აისახება საერთაშორისო ინდექსებში. მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკა არა მხოლოდ რეალურ შედეგებში, არამედ საზოგადოებრივ აღქმაშიც სრულად აისახოს, რის უზრუნველსაყოფადაც პრევენციული მექანიზმების გაძლიერება და დაუსჯელობის პრინციპის გამორიცხვა მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუმჯობესება, რაც ჩვენ გვქონდა, ეს იყო კორუფციისგან თავისუფლების მიმართულებით ინდექსებში და ვფიქრობთ, რომ ის რეფორმები, რომლებიც ახლა უკვე გარკვეულ კვლევებში აისახება, რაც ჩვენ კორუფციის მიმართულებით მივიღეთ, მათ შორის ცვლილებები და ასე შემდეგ, ესეც თავის ასახვას პოვებს, იმიტომ რომ ასეთი მართლა ამბიციური გეგმა გვაქვს, რომ ფაქტადაც უნდა შედგეს ეს და აღქმაც უნდა იყოს ერთდროულად, როგორც მოსახლეობაში, ასევე ჩვენს პარტნიორებში, რომ ფაქტობრივადაც და აღქმის თვალსაზრისითაც ესენი უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. ეს ერთმანეთს უნდა დაემთხვეს, რომ მათ შორის საჯარო მოხელეებშიც, თანამდებობის პირებშიც, ეს განცდა გაჩნდეს და აბსოლუტურად არავინ არ უნდა დაუშვას, რომ ამას ვინმეს გაუტარებენ ან დარჩება დაუსჯელი. ამიტომ პრევენციული მექანიზმები მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ თავის ასახვას პოვებს ამ ინდექსებში და ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდება ნამდვილად იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, სადაც შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ ბიუროკრატია მუშაობს პატიოსნად, კეთილსინდისიერად. კეთილსინდისიერების ნაწილშიც, სხვათა შორის, მაგაზეც ტარდება ხოლმე კვლევები და მაგ ნაწილშიც ბიუროკრატიის მიმართულებით საკმაოდ წინ ვიყავით და ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ახლა ბოლოს რაც იქნა მიღებული, თავის ასახვას უკვე ახალ კვლევებში პოვებს და სერიოზულ ბუსტს მისცემს ქვეყანას კონკრეტულ ინდექსებში“, - აღნიშნა ჟორჯოლიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში ტრანსპორტის სექტორი სტაბილურად და დინამიურად იზრდება, ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია - თამარ იოსელიანი
24.04.2026.11:16
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო, როგორც შუა დერეფნის საკვანძო რგოლი იყოს სანდო, პროგნოზირებადი და სწრაფი" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. თამარ იოსელიანის თქმით, მიმდინარე მაჩვენებლები ძალიან მკაფიო სიგნალს იძლევა, რომ ტრანსპორტის სექტორი საქართველოში აგრძელებს სტაბილურ და დინამიურ ზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს ზრდა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.
„2025 წელი ძალიან წარმატებული იყო ტვირთბრუნვის მიმართულებით და საკმაოდ დინამიური და სტაბილური ზრდა გვქონდა. აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც. საანგარიშო პერიოდში ჩვენი პორტები დაახლოებით 4.3 მლნ ტონაზე მეტ ტვირთს მოემსახურნენ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 15%-იანი ზრდაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონტეინერების მიმართულებითაც ზრდა ნარჩუნდება - გადამუშავებულია 188 ათას TEU, რაც დაახლოებით 6%-ით ზრდას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით რეკორდული იყო 2025 წელი და დაახლოებით 750 000 კონტეინერს მოვემსახურეთ, რაც დაახლოებით 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა გაიზარდოს და ამ მიმართულებით ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტიც ხორციელდება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტვირთნაკადების კუთხით მიმდინარე წელს ძალიან კარგი დასაწყისია და თუ აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდება, 2026 წელი მთლიანობაში კიდევ უფრო შედეგიანი იქნება.
„ჩვენ ველოდებით, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კიდევ უფრო გამყარდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია, ", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.