იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც - ირაკლი კობახიძე
იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ გაკეთდეს ტრამპლინიდან ხტომის ბაზაც და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული ბაზა შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც კურორტის ზამთრის სპორტის სახეობების სრულფასოვან ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.
„ტრამპლინიდან ხტომის ბაზის საკითხი განიხილებოდა ახალგაზრდული ოლიმპიადის ჭრილშიც, თუმცა მაშინ ფიზიკურად ვერ ესწრებოდა ამის გაკეთება. იმისათვის, რომ ბაკურიანში სრულფასოვანი გახდეს ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაზაც გაკეთდეს და ამას უკვე აქტიურად განვიხილავთ. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შევჯერდებით დადებით გადაწყვეტილებაზე და ეს ინფრასტრუქტურაც შეემატება ბაკურიანის სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულფასოვანი გახდეს ბაკურიანის ზამთრის სპორტის სახეობების ინფრასტრუქტურა,"- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა GREDA-ს წარმომადგენლებთან ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის განაწილებასთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა
18.02.2026.16:12
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციასთან (GREDA) გამართულ შეხვედრაზე ელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადთან დაკავშირებული კანონპროექტი განიხილა. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტით გათვალისწინებულ მიმართულებებზე, რომლებიც განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.
კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და GREDA-მ ერთობლივად მოამზადეს. კანონი მიზნად ისახავს განახლებადი ენერგიის რესურსებზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან მომდინარე გრძელვადიანი სარგებლის განაწილების მხარდამჭერი მექანიზმის დანერგვას, რომელიც, უპირველესად, ქონების გადასახადის გარკვეული ნაწილის უშუალოდ იმ თემისა თუ სოფლის საჭიროებებისთვის აკუმულირებას გულისხმობს, სადაც გენერაციის ობიექტები შენდება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ის ფაქტი, რომ ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხები მოხმარდება ადგილობრივი დასახლებების განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტით განსაზღვრულია ენერგეტიკული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყებისთანავე სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ექნებათ ადგილობრივი დასახლების საერთო კრების მიერ განსაზღვრულ პირებს და სამოქალაქო საზოგადოებას - სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს, როგორ განიკარგოს და ადგილობრივად რა პროექტებს მოხმარდეს გენერაციის ობიექტების ქონების გადასახადიდან მიღებული თანხების კონკრეტული წილი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში GREDA-სთან გამართულ სამუშაო შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ესწრებოდა მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე სოხაძე და ენერგეტიკული რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა გოგოლაძე.