III კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა და 13.3% შეადგინა - საქსტატი
2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 12.1 ათასით (5.4%) და 213.7 ათასი შეადგინა.
2025 წლის III კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 47.3 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9 პროცენტს და 46.5 პროცენტს შეადგენს.
2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 70.0 პროცენტი შეადგინა.
2025 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.0 პროცენტული პუნქტით.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანის თავმჯდომარეობით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
06.03.2026.19:06
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
კომისიის თავმჯდომარემ უწყებათაშორის კომისიას გააცნო ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების 2022-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესრულებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის პროექტი და მასში შემავალი აქტივობები. ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობისას არასრუწლოვანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.
კომისიის სხდომას დაესწრნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო უწყებების (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი, სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სსიპ - შსს მომსახურების სააგენტო, სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112") ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.