III კვარტალში მშპ-ს მოცულობა მიმდინარე ფასებში ₾27 980.9 მილიონს გაუტოლდა - საქსტატი
2025 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 27 980.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის III კვარტალში 4.7 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 პროცენტი), განათლება (20.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.0 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.8 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.3 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), განათლება (5.4 პროცენტი). მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით. გასული წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, იმავე წლის ოთხი კვარტალის მაჩვენებლების დაზუსტებასთან ერთად ხორციელდება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალების მაჩვენებლების გადაანგარიშებაც. 2026 წლის ნოემბერში 2025 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ, საბოლოოდ დაზუსტდება 2025 წლის კვარტალური მაჩვენებლები. შენიშვნა: დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2026 წლის 16 ნოემბერს
სხვა სიახლეები
საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ზრდას განაგრძობს - TBC Capital
19.12.2025.11:28
საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზარი ზრდას განაგრძობს. 2025 წლის 9 თვეში ბაზარი წლიურად 35%-ით გაიზარდა და 7.62 მილიარდ ლარს მიაღწია. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
2024 წელს ელექტრონული კომერციის ბაზრის 38%, 3 მილიარდი ლარი, ადგილობრივ მოვაჭრეებზე მოდის. ადგილობრივი სექტორი 2025 წელსაც განაგრძობს ზრდას და 9 თვეში 3.1 მილიარდ ლარს აღწევს.
საგრძნობი ზრდა ფიქსირდება საქართველოდან საერთაშორისო ელ-კომერციის ბაზარზე დანახარჯებში, რომელიც 2025 წლის 9 თვეში 4.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, თუმცა, ზრდის ტემპი ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელს ჩამორჩება.
საქართველოს ელექტრონული კომერციის ბაზრის ზრდა ამანათების რაოდენობაშიც აისახა. მონაცემები გვაჩვენებს, რომ ქართული წარმოშობის ამანათების წილი ჯამურ ამანათებში 2020 წელთან შედარებით 13 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ბაზარზე განხორციელებული ტრანზაქციების საშუალო ზომა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება საქართველოს ადგილობრივი ბაზრის შესაბამის მაჩვენებელს.
ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების წილი, შესაბამისად, 40% და 60%-ია. საქონელი მეტწილად ელექტრონიკის კატეგორიაზე მოდის, ხოლო სერვისებში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს. უკანასკნელი, ზოგადად, საკმაოდ გაციფრულებული სეგმენტია და უნაღდო ტრანზაქციების დაახლოებით 90%-ს ელ-კომერციის არხებით იფარება.
ქართული ელექტრონული კომერციის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანი პოტენციალის მქონეა - კომპანიების მხოლოდ 5% იყენებს ელექტრონული კომერციის არხებს საკუთარი საქონლისა და მომსახურების გასაყიდად. მეორე მხრივ, მაღალია ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი (შინამეურნეობების 92%) და, ასევე, ნომინალური ხელფასების ზრდა კვლავ ინფლაციაზე მაღალია.