„იგლ ჰილსი" განახორციელებს ბიზნესის მართვას, რადგან ეს მისი პრეროგატივაა, მაგრამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული - ირაკლი ნადარეიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, კომპანია „იგლ ჰილსთან" მოლაპარაკებები ცხრა თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა და ეს იყო საკმაოდ რთული, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მოლაპარაკებების ნაწილში პროექტს მხარდაჭერას უწევდა ძალიან ძლიერი საერთაშორისო იურიდიული კომპანია.
„ვფიქრობ, ასეთი მოდელი, სადაც სახელმწიფო არის პროექტის პარტნიორი, ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს მომავალშიც სხვადასხვა, მათ შორის, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტებისთვის, სადაც ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობა - ეს ადგმევინებს მას გარკვეულ ნაბიჯებს" - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
პროექტებში სახელმწიფოს პასიური პარტნიორობის წარმატებულ მაგალითად მინისტრის მოადგილემ დაასახელა დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში შემოყვანილი, რეგიონში პირველი ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი, რაც მანამდე საკმაოდ რთული და წარმოუდგენელი იყო. ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ამ პროექტშიც მონაწილეობს სახელმწიფო, როგორც პასიური ინვესტორი და მისმა მონაწილეობამ განაპირობა სწორედ ის, რომ დანარჩენი ინვესტორები არიან სრულად კერძო სექტორიდან, მათ შორის, ძალიან მაღალი კლასის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და რაც მთავარია, ამერიკული აქტივების მმართველი, რომელიც ტოპ-ხუთეულში შედის.
„აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში და ასე შემდეგ, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი. „იგლ ჰილსის" შემთხვევაშიც, ბიზნესის მართვას, რა თქმა უნდა, განახორციელებს თავად კომპანია, ეს მათი პრეროგატივაა და მათი ცოდნის საფუძველი, თუმცა, სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ყველა დონეზე - მაგალითად, სამეთვალყურეო საბჭოში, მმართველობითი მენეჯმენტის რგოლში, მაგრამ პასიური ფორმით. ამავე დროს, ჩვენ უზრუნველვყავით ისიც, რომ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით ანუ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გარკვეული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე - დავით სონღულაშვილი
17.11.2025.13:00
მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს უფრო მეტად ინვესტირებადი დარგი, რადგან მსხვილ ბიზნესს შემოაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მინისტრი აქტიურად სტუმრობს რეგიონებს და ეცნობა ფერმერების საჭიროებებს და მათგან მიღებული ინფორმაციების შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს იმ პოლიტიკაში, რასაც შემდგომ სამინისტრო ატარებს.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრული წარმომადგენლობა დაფარვით მთელს საქართველოს ფარავს. შესაბამისად მნიშვნელოვანია ერთის მხრივ გავეცნო თანამშრომლების სამუშაო გარემოს, იმიტომ რომ მაქსიმალურად იყოს შექმნილი პირობები იმისთვის, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დედაქალაქიდან ახორციელებს იყოს სწორად და შესაბამისად გატარებული და აღსრულებული რეგიონებში, და მეორეს მხრივ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა შევხვდეთ ფერმერებს და ყოველთვის ეს არის პრიორიტეტი, რადგანაც ადგილზე გავეცნოთ იმ საჭიროებებს და ამაზე გაკეთებული რეაგირებები იყოს ასახული იმ ჩვენს პროგრამებში და პოლიტიკაში, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს. და მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი უფრო მეტი ეფექტი მიიღო და უფრო მეტად ეფექტური იყოს თანამშრომლობა ფერმერებთან და შესაბამისად ეს ასახული იყოს უკვე აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებაში. ბიზნესთან მიმართებაში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროგრამები ზუსტად ასეა აწყობილი და მორგებული, რომ იყოს მაქსიმალურად მომსახურებასა და სერვისზე ორიენტირებული პროგრამები, როგორც ფერმერებისთვის ასევე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობა იყოს ინვესტირებადი დარგი ბიზნესისთვის, რადგან მსხვილ ბიზნესს ამ შემთხვევაში შემაქვს უფრო მეტი ტექნოლოგია, უფრო მეტი ცოდნა, რომელიც თავისთავად ცხადია ნაწილდება ფერმერებზე, რაც საბოლოო ჯამში ერთიან ეფექტს იძლევა ამ მიმართულებით და ეს არის ჩვენი ამოცანა. ზუსტად ამიტომ ვაწყობთ სისტემას სამინისტროშიც და ეს არის შედეგი რეგიონებში სიარულის, რომ მაქსიმალურად თითოეული საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი რეგიონისთვის, არის მნიშვნელოვანი ფერმერისთვის იყოს ადეკვატურად რეაგირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მინისტრმა.