ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა - ლევან კარანაძე
ICAO-ს გლობალური ელჩების პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გამოცდილი ავიატორების ჩართულობით ახალი თაობის დაინტერესებაა. ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ICAO-ს გლობალურმა ელჩმა და იმავდროულად საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში, მათ შორის თბილისში მოქმედი საავიაციო უნივერსიტეტის პარალელურად, ავიაცია მხოლოდ მფრინავის პროფესიით არ შემოიფარგლება და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობას ქმნის.
„ელჩობის ერთ-ერთი ბენეფიტიც ეს არის და ერთ-ერთი მიზანიც, რომ გამოცდილი კადრებით, სხვა გამოცდილების მქონე ავიატორებით, შევეცადოთ რომ ახალი თაობა დავაინტერესოთ. ინტერესი არის, იცით თქვენ თბილისში არსებობს საავიაციო უნივერსიტეტი. საავიაციო პროფესიების გარდა ავიაცია ზოგადად ძალიან საინტერესო სფერო არის და ბევრ პროფესიას აძლევს საშუალებას, რომ თავისი პროფესიული კარიერა იპოვონ და განავითარონ. ჩვენ გვყავს არ ვიცი, კარტოგრაფები, გეოდეზისტები, ორნიტოლოგებიც კი, იმიტომ რომ ავიაცია კომპლექსური სფერო არის და ძალიან ბევრი პროფესია არის საჭირო“, - აღნიშნა კარანაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი არ გვქონია - ლევან კარანაძე ავიაციის დარგის მიღწევებზე და საქაერონავიგაციის გეგმებზე
23.02.2026.13:00
საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან კარანაძის განცხადებით, საქართველოს ავიაციის სექტორი ზრდის ტენდენციას მიმდინარე წელსაც ინარჩუნებს. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული იანვრის მონაცემებით, მგზავრთნაკადი დაახლოებით 16%-ით გაიზარდა, ასევე მატება ფიქსირდება ტვირთბრუნვასა და რეისების რაოდენობაში.
„ციფრები არის, თუ საჰაერო მიმოსვლას ვგულისხმობთ და ამ კუთხით სტატისტიკას, იანვრის მონაცემები უკვე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოაქვეყნა და საამაყო და კარგია, რომ წელსაც იანვარში ზრდა ფიქსირდება. 16%-იანი ზრდა იყო დაახლოებით როგორც მგზავრთნაკადზე, ასევე ტვირთბრუნვა არის გაზრდილი, გაზრდილი არის თვითონ რეისების რაოდენობა. ჩვენც მოლოდინი გვაქვს წელს ზრდა უნდა იყოს ასევე შთამბეჭდავი, კარგი, ისევე როგორც გასულ წელს გვქონდა. გასული წლის ციფრები, ყველა მიმართულებით რეკორდი მოიხსნა. 8,5 მლნ მგზავრს მოვემსახურეთ ყველა აეროპორტში, იყო ტვირთბრუნვა გაზრდილი დაახლოებით 50%-ით, სადღაც 38 000 ტონაზე მეტი გადამუშავდა. პიკურ პერიოდში რეისების რაოდენობა იყო დაახლოებით 700 სიხშირე კვირაში, ეს იყო 122 მიმართულება დაახლოებით, მრავალი კომპანია, 60 კომპანიაზე მეტი. გეოგრაფიული არეალი გაიზარდა, შემოვიდა კომპანიები British Airways, EasyJet, Transavia და გეოგრაფიული არეალიც გაიზარდა - ქალაქები დაგვემატა: ჟენევა, ციურიხი, მუმბაი, პეკინი“, - აღნიშნა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ICAO-ს გლობალურმა ელჩმა და იმავდროულად საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან კარანაძემ.
ლევან კარანაძის განცხადებით, საქაერონავიგაცია ავიაციის სფეროში მოქმედ სხვა უწყებებთან ერთად ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს და ქვეყნის საჰაერო მოძრაობის მომსახურებას უზრუნველყოფს.
მისივე ინფორმაციით, გასულ წელს საქაერონავიგაციამ ჯამში 305 ათასზე მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა.
„საქაერონავიგაცია ამ დარგში მოქმედ ორგანიზაციებთან ერთად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, ჩვენ ვემსახურებით საჰაერო მოძრაობას. გასული წელი ჩვენთვისაც რეკორდული იყო, მოვემსახურეთ წლის ჭრილში 305 000-ზე მეტ საჰაერო ხომალდს. ეს გულისხმობს როგორც ჩვენს ტერიტორიაზე შესრულებულ რეისებს, ისე გადაფრენებს. ეს არის რეკორდული, ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი არ გვქონია და მოვემსახურეთ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად, რაც მთავარია. და ამ უსაფრთხო და შეუფერხებელი მომსახურების უზრუნველსაყოფად გვჭირდება, რა თქმა უნდა, პერსონალი და ტექნოლოგიები.
საქაერონავიგაციამ დაასრულა პრაქტიკულად საგარეჯოში ახალი რადიოლოკატორის დამონტაჟება და ჩაეშვა სისტემაში ეს ახალი ულტრათანამედროვე ლოკატორი. გვაქვს გეგმაში, რომ მეტეო სისტემები სრულად უნდა განვაახლოთ ყველა აეროპორტში, იცით ჩვენ თბილისის გარდა ქუთაისს, ბათუმს ვემსახურებით და ასევე ადგილობრივ აეროპორტებს.
რაც მთავარია, ტრენინგების მიმართულებით, ელჩობის სტატუსიც მაძლევს ამის საშუალებას - მქონდა მსჯელობა ხელმძღვანელობასთან და გენდირექტორის გადაწყვეტილებით წელს იგეგმება ახალი ნაკადის მიღება, რომ საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეები მოვამზადოთ. ზოგადად საქაერონავიგაცია ძალიან დიდ ძალისხმევას ანდომებს ტრენინგებს, სწავლებას. ჩვენ სწავლებებს ძირითადად საზღვარგარეთ ვატარებთ. ეს არის უწყვეტი პროცესი. როგორც კი ამ სფეროში შემოდიხარ, იქ ნახევრად პროფესიონალები არ არსებობენ. თუ გვინდა, რომ უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იოპერიროს ავიაციამ, ეს არის უწყვეტი პროცესი სულ სწავლა.
წელსაც იგეგმება ახალი ნაკადის შერჩევა, ჩვენ ძირითადად საზღვარგარეთ ვამზადებთ ჩვენს პერსონალს და შემდეგ უკვე ჩვენთან ჩვენი ძალისხმევით გვაქვს მუდმივი პროცესი“, - განაცხადა ლევან კარანაძემ.