იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $5 862.1 მლნ შეადგინა - საქსტატი
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 138.4 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 7.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 414.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 აპრილს.
სხვა სიახლეები
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის - ნათია თურნავა
14.04.2026.13:53
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ განაცხადა.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის, რადგან ქვეყანა დღეს ძლიერი ეკონომიკური პოზიციებით ხვდება გლობალურ შოკებს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობას რისკების მინიმიზაციისთვის.
,,ეს შეხვედრები იმ დროს იმართება, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა - გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და, სავარაუდოდ, ნაწილობრივ საქართველოს ეკონომიკაზეც. კარგია, რომ ჩვენ მომზადებულები ვხვდებით ამ შოკს, რადგან გვაქვს ისტორიულად მაქსიმალური საერთაშორისო სავალუტო რეზერვები , ძლიერი ფისკალური მდგომარეობა და მყარი ეკონომიკური ზრდა”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დელეგაცია შეხვედრებს ინვესტორებთანაც გამართავს, რათა საქართველოს მიმართ არსებული მაღალი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ვისარგებლებთ შემთხვევით და გავმართავთ ე.წ road show-ს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. შევხვდებით გლობალურ ინვესტორებსა და დიდ ფონდებს საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა რომ ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები.