I კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 348.8 ათასი მგზავრი გადაიყვანა
2025 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 348.8 ათასი მგზავრი, რაც 25.1 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 79.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
2025 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 345.8 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.1 პროცენტს შეადგენს და 25.2 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.0 ათასი მგზავრი, რაც 21.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 61.0 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39.0 პროცენტი (2025 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).
სხვა სიახლეები
სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა
05.12.2025.17:47
საქართველოს ენერგეტიკისა და წყლმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ ჯიფაუერს“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“, შპს „მტკვარი ენერჯის“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა.
სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 325,793 ლარით დღეზე.
რაც შეეხება სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I“-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II“-ისთვის - 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი.