ჰიდროელექტროსადგურების ქონების გადასახადის ნაწილი პირდაპირ სოფლების განვითარებას მოხმარდება - მაია მელიქიძე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე
ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განახლებადი ენერგიის ობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადი პირდაპირ ადგილობრივი თემებისა და სოფლების საჭიროებებს მოხმარდება. ცვლილების მიზანი ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებული სარგებლის სამართლიანი განაწილება და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერაა.
კანონპროექტი GREDA-მ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ერთობლივად მოამზადეს. დოკუმენტით გათვალისწინებულია, რომ ენერგეტიკული პროექტის სამშენებლო ფაზის დაწყებისთანავე შექმნილი იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი დასახლებების საერთო კრების მიერ არჩეული პირები და სამოქალაქო საზოგადოება. სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს, როგორ უნდა განიკარგოს გენერაციის ობიექტების ქონების გადასახადიდან მიღებული თანხების კონკრეტული წილი და რომელი პროექტებისთვის მოხმარდეს ეს რესურსი ადგილობრივ დონეზე.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ მომავალში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის ნაწილი პირდაპირ იმ სოფლის განვითარებას მოხმარდეს, სადაც პროექტი ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, ისე ადგილობრივ მოსახლეობისთვის კონკრეტული სოციალური და ინფრასტრუქტურული სარგებლის შექმნას.
„ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც სექტორს აწუხებდა წლების განმავლობაში და ნამდვილად ეს არის კერძო და საჯარო მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება. საკითხი ეხება შემდეგს - ეს არის მრავალწახნაგოვანი პროცესი და ამით სარგებელი ექნება როგორც სახელმწიფოს, რომლის მიზანიც გახლავთ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ასევე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომელთა მთავარი ამოსავალი წერტილიც არის ადგილზე შეიქმნას ეკონომიკური დოვლათი. ასევე, მოსახლეობას, რომელიც სვამს კითხვას, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად მე რა სარგებელი მექნება და რა თქმა უნდა, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა. რაც შეეხება თავად კანონპროექტს - ნებისმიერი ჰიდროელექტროსადგური იხდის ქონების გადასახადს და ეს არის ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ ბრუნდება ადგილობრივ მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ვალდებულია ეს თანხა გაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ეს კანონპროექტი კი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ იმ სოფელში სადაც შენდება ჰიდროელექტროსადგური, იმ ჰიდროელექტროსადგურის მიერ გადახდილი ქონების გადასახადის კონკრეტული პროცენტი - ამ შემთხვევაში უკვე საუბარია მეგავატებზე, რაც უფრო მსხვილია ჰიდროელექტროსადგური ის იხდის შედარებით ნაკლებს, ანუ ვგულისხმობ რჩება ნაკლები თანხა ადგილობრივ მოსახლეობაში - საშუალო დაახლოებით 30%-ია, მცირედი გახლავთ 50%, ხოლო მსხვილი 15% - ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას, იმ პროექტების აშენებას და სისრულეში მოყვანას, რომელიც არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს შეიძლება იყოს სკოლა, ბაღი, გზა, წყალმომარაგება - ნებისმიერი პრობლემა რომელიც აწუხებს სოფელს და ეს თანხა უშუალოდ მიმართული იქნება ამისკენ. ყველაზე მთავარი იცით რა გახლავთ? არა მარტო ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული, არამედ თავად თემის წარმომადგენელი, რომელსაც სოფელი დაასახელებს და ის იქნება უკვე მუნიციპალიტეტში ინტერესების დამცველი“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისივე თქმით, GREDA მზადაა ჩაერთოს ახალი პროექტის განხორციელებაში, რომელიც საქართველოში უპრეცედენტოა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილებით კარგად შესწავლილი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეს პროცესი რთული იქნება, რადგან მსგავსი პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ჩატარებულა.
„ეს არის ცივილური სამყაროს მიერ დანერგილი პრაქტიკა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა ნორვეგიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში და მოიტანა შედეგები აბსოლუტურად სხვადასხვა დროით აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, რომელმაც საბოლოო ჯამში მიაღწია ჰიდროენერგეტიკის სრულყოფილად უტილიზაციას, რაც არის ჩვენი მიზანი.
სოფლის წარმომადგენელი, რომელიც სოფელმა დაასახელა და რომელიც როტაციის პრინციპით იქნება არჩეული, მიდის მუნიციპალიტეტში და წარუდგენს სოფლის პრობლემებს. პრობლემებს მიეცემა პროექტის ფორმა, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე. ამ პროცესში გადაწყვეტილების მიღების უფლება 50/50-ზე გადანაწილდება - ნახევარი სოფელს, ნახევარი მუნიციპალიტეტს. საბოლოო პროექტს განიხილავს საკრებულო, რომელიც დაამტკიცებს მას. ამის შემდეგ იწყება პროექტის რეალიზაცია, რომელსაც დაეთმობა სწორედ ის თანხა, რომელზედაც ვსაუბრობთ“, - განმარტავს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ენერგეტიკული პროექტებიდან მიღებული სარგებლის უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებაზე მიმართვას უზრუნველყოფს. მაია მელიქიძის განცხადებით, რეფორმა პასუხობს მთავარ კითხვას თუ რა სარგებელს მიიღებს კონკრეტული მოქალაქე ინვესტიციებისაგან, რაც საბოლოოდ შეჩერებული პროექტების ამუშავებისა და ენერგოუსაფრთხოებას შეუწყობს ხელს.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ვუპასუხებთ მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: ინვესტორის სარგებელი გასაგებია, სახელმწიფოს სარგებელი გასაგებია, მაგრამ მე რა, თქვენ მიიღებთ უნიფიცირებულ სარგებელს, რომელიც გადაითარგმნება განვითარების შესაძლებლობებში. სექტორს ის სარგებელი ექნება, რომ გაჩერებული პროექტები განხორციელდება. ასევე, სექტორს სარგებელი მოუტანს ჩვენი კრიტიკული მდგომარეობის დაარეგულირებ. მაგალითად, იანვარში ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტისთვის 22.5 მილიონი დოლარი გადავიხადეთ, მაშინ როცა შარშან ეს თანხა 9 მილიონი დოლარი იყო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ელექტროენერგია არ გვყოფნის და რაც უფრო დრო გადის მით უფრო მეტად ვხდებით იმპორტზე დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკის სექტორისთვის ეს ახალი ბიძგი ჰიდროენერგეტიკასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც წლების განმავლობაში შეჩერებული იყო. მე შემიძლია უამრავი პროექტი დავასახელო, მათ შორის რამდენიმე ათეული“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
„თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
სხვა სიახლეები
არცერთ სექტორს არ ვაკნინებ, მაგრამ დღეს ენერგეტიკა არის ნომერ პირველ ადგილზე, ვინაიდან მასზეა დაფუძნებული დანარჩენი ეკონომიკური სექტორები - მაია მელიქიძე
23.02.2026.13:48
„დღეისათვის ჩვენი დადგმული სიმძლავრე 4600 მეგავატს შეადგენს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ამბიცია, რომ ეს მაჩვენებელი გააორმაგოს“, - განაცხადა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ. მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად, 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
„პირველი, 1 მილიარდი ლარის ჩამოწერა. გამოცემულია სპეციალური განკარგულება - ამ უკანასკნელის თანახმად, ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, 2026 წლის 16 მარტის სამუშაო დღის ბოლომდე განაცხადით მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მოხდეს გადახალისება იმ პროექტებისა რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა რომ რეალურად იყოს აშენებული და თუკი რომელიმე პროექტი ვერ აშენდება ინვესტორის გადმოსახედიდან - და ასეთი არსებობს - მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის რომ კვალიფიციურ ინვესტორებს მივცეთ შესაძლებლობა იმისა, რომ შემოვიდნენ ბაზარზე.
ხაზგასმით ვამბობ კვალიფიციურ ინვესტორებს იმიტომ, რომ ბევრი სპეკულაცია ვნახეთ ჩვენ ბაზარზე და უკვე ეს სპეკულაცია უნდა ჩაიკეტოს ფილტრების შემოღებით, დამატებითი ფილტრების შემოღებით იმისათვის, რომ ჩვენ გამოვავლინოთ რეალური ინვესტორი. ეს ერთი ინსტრუმენტი. მეორე ინსტრუმენტი ამასთანავე მოხდა ის, რომ პროექტების გარკვეულ ნაწილს ადმინისტრაციული წარმოება შეუჩერდათ რამდენიმე თვის წინ. ეს იყო გამოწვეული სწორედ იმით, რომ დარეზერვებული იყო ამა თუ იმ რაიონსა თუ რეგიონში სიმძლავრეები და ახალი ინვესტორი ვეღარ შემოდიოდა“, - აღნიშნაGREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
მაია მელიქიძის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში სტაგნაციას განიცდიდა, ახლა მასობრივი რეფორმის გზაზე დგას
„ახლა ამ პრობლემების გადაჭრა ხდება და ეს გადაჭრა მტკივნეულია ცალსახად ისევე როგორც ნებისმიერი ოპერაცია, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია სრული გაჯანსაღება იმ სექტორისა რომელიც სტრატეგიულად ნომერ პირველ ადგილზე არის. მე არ ვაკნინებ არცერთ სექტორს, მაგრამ დღეს ენერგეტიკა არის ნომერ პირველ ადგილზე, ვინაიდან ამაზე არის დაფუძნებული მთელი დანარჩენი ეკონომიკური სექტორები. ეს სექტორი წლების განმავლობაში იყო გაჩერებული და სტაგნაციას განიცდიდა და ხდებოდა ხვალ, ზეგ, მაზეგ, ერთი წლის მერე პრობლემების მოგვარების გადატანა.
დღეს აშკარად ვხედავთ რომ ასე აღარ არის და რეალურად ინვესტორებს პირდაპირ ეკითხება სახელმწიფო რომ „შვიდი პროექტი, რომ გაქვს ამ შვიდი პროექტიდან რამდენის აშენების საშუალება გაქვს შენ“. იმიტომ რომ გამოჩნდნენ ისეთი ინვესტორები, რომლებიც ამბობენ რომ შვიდიდან ხუთს ავაშენებ, დანარჩენი ორის მიმართ ინტერესი გამიქრა გარკვეული მიზეზების გამო, დეტალებში რომ აღარ შევიდეთ“, - აცხადებს მაია მელიქიძე.
მისივე თქმით, საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების პერსპექტივები ფართოვდება – მთავრობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობს.
„26 თებერვალს, სულ რამდენიმე დღეში გვაქვს შიდა ე.წ. შეკრება და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც გვესტუმრებიან - EBRD, ADB, IFC, World Bank. შესაბამისად, ჩვენ მოვახდენთ უკვე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის განხილვას. მაგრამ მე აქვე დავაანონსებ რა პრობლემა გველოდება მომავალში - ეს იქნება გადამცემ ქსელთან დაკავშირებული სირთულეები. ასე რომ გენერაციის პრობლემას მოვაგვარებთ რა ამის პარალელურად უნდა ვიმუშაოთ გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება გენერაციის ობიექტები და ვერ გამოვიტანთ იქიდან ელექტროენერგიას“, - აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.