გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის - ირაკლი ლექვინაძე FMCG სექტორზე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე FMCG სექტორში არსებული საკითხების გადასაჭრელად სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობას მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევს. როგორც ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „იმედის“ დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, სექტორის კომპლექსურობიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ბაზრის დინამიკური განვითარების პროცესში პრობლემების იდენტიფიცირების და გადაჭრის საუკეთესო საშუალებაა.
„იმისთვის, რომ ეფექტური ყოფილიყო პროცესი, სამთავრობო და საპარლამენტო კომისია არის ძალიან კარგი მექანიზმი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივაც ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ შეხვედრებიც, როგორც სამთავრობო კომისიის ფორმატში, ასევე საპარლამენტო კომისიის ფორმატში, კარგად აჩვენებს გარკვეულ პრობლემატიკას, რომელიც ამ ბაზრის დინამიური განვითარების ფონზე ჩვენ გვაქვს. საბოლოო ჯამში. ჩვენი ანგარიშებიც აჩვენებდა გარკვეულწილად, სექტორი დინამიურად ვითარდება, ვგულისხმობ FMCG სექტორს.
თუ ბოლო მონაცემებს შევხედავთ, ჩვენი შეფასებით ბაზარი არის დაახლოებით 14 მილიარდის ფარგლებში. ამ ბაზარზე ბოლო წლების მანძილზე რაც შეინიშნება, არის მნიშვნელოვანი წილის ზრდა წამყვანი კომპანიების. მაგალითად, 3 წამყვანი კომპანიის წილი ბოლო მონაცემებით არის დაახლოებით 49%-ის ფარგლებში, წინა წელს ეს იყო დაახლოებით 32%. 5 წამყვანი კომპანიის წილი არის დაახლოებით 60%-მდე, როცა გასულ წელს ის იყო დაახლოებით 45-47% და მთლიანად სექტორი ჯამურად, ანუ ორგანიზებულ ქსელებს ვგულისხმობ, არის დაახლოებით 65%-ის ფარგლებში, როცა შარშან ეს მაჩვენებელი 58% იყო. იმისთვის, რომ პირობითად ის პრობლემატიკა, რომელსაც სხვადასხვა მხარეები აყენებენ ღიად და კონკურენციის სააგენტო იყოს აქტიური მოქმედებაში, ბაზარზე უნდა არსებობდეს დომინანტი ეკონომიკური აგენტები და ეს ციფრები ჯერ კიდევ აჩვენებს, რომ ბაზარზე მსგავსი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ერთი კომპანიის შემთხვევაში ეს უნდა იყოს 40%, 3 კომპანიის შემთხვევაში 50% და 5 კომპანიის შემთხვევაში 80%-ის ფარგლებში.
ამიტომ, კონკურენციის სააგენტო ასეთ დროს და ასეთ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როდესაც არის დომინანტური მდგომარეობა ბაზარზე, ან პირობითად გვაქვს რაღაც ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეიძლება გარიგების ეფექტები ჩანდეს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესი FMCG სექტორში ყველაზე სუსტი რგოლია. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, სამთავრობო და საპარლამენტო კომისიების მუშაობის მთავარი შედეგი სწორედ ძალთა ბალანსის გასწორება და იმ მექანიზმების შემუშავებაა, რომლებიც მცირე მეწარმეებს მსხვილი რითეილერებისგან დაიცავს.
„ჩვენ ანგარიშებშიც ვამბობდით და ეს ღია შეხვედრებზეც კარგად ჩანს, რომ გვაქვს გარკვეული დისპროპორცია ძალთა ბალანსებს შორის. ანუ რადგანაც სექტორი ასე ვითარდება და ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერია მეორესთან მიმართებაში, მათ შეუძლიათ, რომ საკუთარი პირობით, ევაჭრონ მიმწოდებელ კომპანიებს, დისტრიბუტორ კომპანიებს, მწარმოებელ კომპანიებს. ვინც ძლიერია მეორე მხარეს, ვგულისხმობ დისტრიბუტორებს, ისინიც კი კონკურირებენ იმაში, რომ ეგრეთ წოდებული მაღაზიაში შესვლის თუ ქეშბექების თანხაში ვინ უფრო მეტს გადაიხდის, რომ თაროზე მოხვდეს. მათ ამ კონკურენციის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა ყველაზე სუსტი რგოლი ასეთ შემთხვევაში ჩნდება სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიები. და იმისთვის, რომ მათი ინტერესები იყოს დაცული, ბუნებრივია, ალბათ ის მექანიზმები, რომელსაც საბოლოოდ საპარლამენტო კომისიაც დადებს საკუთარ დასკვნაში და სამთავრობო კომისიაც იმსჯელებას - სწორედ ალბათ ამ ძალთა ბალანსის გასწორებას უნდა მოემსახუროს და ძალიან კარგია თვითონ კომისიის თავმჯდომარის ინიციატივა, რომ Big Four-იდან ჩაერთვება კომპანია ამ პროცესის შეფასებაში. იმიტომ, რომ Big Four-ს აქვს ძალიან კარგი ინფორმაცია, თუნდაც ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში რა ხდებოდა ამ დროს განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც ერთი სექტორი საკმაოდ ძლიერად ვითარდებოდა და კონსოლიდაცია ხდებოდა, მათ ჰქონდათ უპირატესობა მეორე მხარესთან მიმართებაში და როგორი მექანიზმებით დაბალანსდა ეს პროცესი, მაშინ როდესაც მხოლოდ კონკურენციის სამართალი ვერ უზრუნველყოფდა პრობლემის ეფეტურად მოგვარებას. ეს საბოლოო ჯამში საერთო ფასების ფონზე მნიშვნელოვნად მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ამიტომ, ჩვენი მანდატის ფარგლებში ვამონიტორინგებთ და ვუყურებთ ამ ბაზარს, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომელსაც შეიძლება ჩვენი მანდატი ვერ წვდება და ჩვენც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვანია. საპარლამენტო კომისია, სამთავრობო კომისია საბოლოო დასკვნაში ამ ყველაფერს ასახავს და რა თქმა უნდა კონკურენციის სააგენტო მზად არის აღასრულოს ის მანდატი და თუ ის არ არის საკმარისი და თუ კიდევ რამე დამატებითი საკანონმდებლო კონტექსტები იქნება, რა თქმა უნდა აღასრულოს ის მაქსიმალურად და ეფექტურად“, - აცხადებს ლექვინაძე.
სხვა სიახლეები
გამოვავლინეთ 16 კომპანია, რომელთაც რამდენიმე მიმართულებით გააჩნიათ 40%-ზე მეტი მაჩვენებელი - ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ დომინანტური მდგომარეობა l ირაკლი ლექვინაძე აგროქიმიკატების ბაზარზე
02.03.2026.12:00
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აგროპესტიციდების ბაზარზე შესაძლო ჭარბ ფასნამატებსა და დომინანტი კომპანიების გავლენებზე საუბრობს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნავს, იდენტიფიცირებულია 150-ზე მეტი შემთხვევა, სადაც ფასნამატი 100%-ს აჭარბებს, ბაზარზე დომინატური მდგომარეობის მაჩვენებელი კი 16 მოთამაშის შემთხვევაშია გამოვლენილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იქნა ბაზრის შეფასება დაწყებული გასულ წელს. შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც აღინიშნა, რომ ამ ბაზარზე შესაძლოა იყოს ჭარბი ფასნამატები და პლუს ასევე ჭარბი მოხმარების პრეცედენტები. ჩვენი ბოლო სურათი ასეთია- ჩვენ შევისწავლეთ აგროქიმიკატების და აგროპესტიციდების მიმართულება და დაახლოებით გამოვლინდა ერთ შემთხვევაში 80 შემთხვევა და 75 შემთხვევა, ვგულისხმობ ქიმიკატებს და პესტიციდებს, სადაც ფასნამატი არის 100%-ზე მეტი. ეს რას ნიშნავს? ეს 100% შეიძლება ხარჯების ანალიზის შემდეგ იყოს ლოგიკური, ან შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი და ახლა სწორედ ხარჯების ანალიზის პროცესი მიმდინარეობს და აქტიურ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. თუმცა საინტერესო დეტალი აქ არის შემდეგი, რომ ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 16 კომპანია, რომელთაც რამდენიმე ბაზარზე გააჩნიათ 40%-ზე მეტი მაჩვენებელი. ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ დომინანტური მდგომარეობა ამ მიმართულებით და ამასთანავე გააჩნიათ მაღალი ფასნამატი“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 66 ქვებაზარი შეისწავლა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ბოლო 3 წლის მონაცემების ანალიზი, რათა დადგინდეს დომინანტი კომპანიების გავლენა ფასწარმოქმნისა და ბაზარზე არსებულ დისპროპორციებზე.
„ეს არის ბოლო სამი წლის ანალიზი და ბოლო სამი წლის სურათი. ჩვენ დაახლოებით ორივე შემთხვევაში, მაგალითად, ქიმიკატების ბაზარზე იდენტიფიცირება გავაკეთეთ დაახლოებით 32 ბაზარს და პესტიციდების შემთხვევაში 34 ბაზარს. ეს იმდენად ვიწრო და ისეთი მრავალმხრივი სფეროა, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ სექტორების მთლიანობაში ანალიზს. და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ ექსპერტიზა, ცოდნა მათ მხარეს არის და უბრალოდ ჩვენ ამას ვუყურებთ კონკურენციის კუთხით. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება, ახლა მიმდინარეობს სარეკომენდაციო კონტექსტზე მუშაობა და ასევე იმ ხარჯების ანალიზის შემდეგ ალბათ ზუსტი სურათი გვექნება ამ დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს თუ არა არაობიექტურ ფასნამატებს.
გარდა ამისა, არის თუ არა მსგავსი შემთხვევები,, როდესაც იგივე კონსულტანტების კომერციული გავლენა დიდია, როდესაც მაგალითად ფერმერი მიდის ამა თუ იმ მაღაზიაში და მას სთავაზობენ მედიკამენტს, იქ როგორ არის კომერციული ინტერესი დაბალანსებული, რეალურად პრობლემიდან გამომდინარე ხდება პესტიციდის ან ქიმიკატის შეთავაზება თუ მხოლოდ გაყიდვების ინტერესიდან. ამ საკითხების დამუშავება და ერთობლივი დაზუსტება მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო საბოლოო სურათი და დასკვნა იქნება ამ კუთხით. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ, პოლიტიკის განმსაზღვრელი და გადაწყვეტილების მიმღები, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი უწყება“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.