Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაზე მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ (UAG) და TAV Georgia-მ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტს ხელი აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მოაწერეს.
დოკუმენტი ასახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად მიმართულებებს და მიზნად ისახავს, 2031 წლამდე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აეროპორტის შესაძლებლობების განვითარებას და მგზავრთნაკადის 5-დან 10-მლნ-მდე ზრდას.
შეთანხმების თანახმად, 2027–2031 წლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Groupe ADP 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მიმართული იქნება ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, ტექნოლოგიური და ოპერაციული სისტემების მოდერნიზაციასა და მგზავრთა სერვისების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.
გაფართოების პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერაციულ ეფექტიანობას, უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტული სამგზავრო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს მგზავრთნაკადის ზრდას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში:
• თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ოპერაციულ მოქნილობასა და ფრენების მართვის ეფექტიანობას;
• გაიზრდება სარეგისტრაციო დახლების და ბარგის კარუსელების რაოდენობა;
• გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა, ავტოსადგომის ტერიტორია და კომერციული სივრცეები;
• შესაძლებელი გახდება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სერვისების დანერგვა, აქცენტი გაკეთდება ქართული პროდუქციისა და კულინარიის პოპულარიზაციაზე.
• თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი პროექტის განხორციელებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 3-ჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს.
• საქართველოს აეროპორტებს გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას (Upfront fee) დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს.
• თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისათვის, განხორციელდება 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია პროექტის დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი.
მომდევნო წლებში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში განხორციელებული უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ გავლენას იქონიებს ავიაციისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე. პროექტში დასაქმებულთა თითქმის 100 პროცენტი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება, ხოლო მშენებლობისა და ოპერირების პროცესში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესი დამატებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს მიიღებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ შეთანხმება ხაზს უსვამს ქვეყნის ავიაციის, ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ მნიშვნელობას და მიზნად ისახავს საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცებას რეგიონულ და გლობალურ საავიაციო ქსელში.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაინტერესებულები ვართ, რომ 2031 წლის შემდეგ გავაგრძელოთ ოპერირება ვაზიანის აეროპორტში – თეა ზაქარაძე
სხვა სიახლეები
დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას - ლევან მოსეშვილი
15.01.2026.20:13
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მასშტაბური ზრდის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ TAV Georgia-სთან შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფრანგული საავიაციო ჯგუფი GROUPE ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ოპერირების ვადა კი 2031 წლის ბოლომდე გახანრძლივდება.
,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-თან, რომლის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. ინვესტიცია დასრულდება 2028 წლის ბოლომდე და მოიცავს ტერმინალის მასშტაბურ გაფართოებას, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.
დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის აეროპორტის რეგიონულ ავიაციურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.
ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.