გენერაციასა და განაწილებაში უპრეცედენტო ინვესტიციები იგეგმება - დავით ნარმანია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ენერგოდამოუკიდებლობას, სექტორში ინვესტიციების ზრდის სამი ძირითადი მიმართულებას გამოყო და დარგის განვითარების ახალ ფაზაზე ისაუბრა.
ნარმანიას განცხადებით, შავი ზღვის კაბელის პროექტმა ევროპული სტრუქტურებისგან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სტატუსი მიიღო, რაც მას ორმხრივი ინტერესის პროექტად აქცევს.
„პირველ რიგში, ეს არის შავი ზღვის კაბელის პროექტი, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება. ამ პროექტმა სულ ახლახან, რამდენიმე კვირის წინ, მიიღო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტის სტატუსი, რაც მიანიჭა ევროპის შესაბამისმა სტრუქტურებმა. ეს ნიშნავს, რომ პროექტი გადავიდა განვითარების სხვა ფაზაზე და ის არის ორმხრივი ინტერესის პროექტი. შესაბამისად, ახლა დაიწყება უფრო ინტენსიური სამუშაოები: შავი ზღვის ქვედა ფსკერის ტექნიკური კვლევა, ტექნიკური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა შესაბამისი პროცედურები.
ჩვენ, როგორც მარეგულირებელი კომისია, ჩვენს რუმინელ კოლეგებთან ერთად აქტიურად ჩავერთეთ პროცესში, რათა ერთობლივი რეგულირების ინსტრუმენტები შევიმუშაოთ. გავაფორმეთ მემორანდუმი კოლეგებთან და გვექნება პერიოდული შეხვედრები, დისკუსიები. ასევე შევისწავლით საერთაშორისო პრაქტიკას ამ თვალსაზრისით და აქტიურად ვიმუშავებთ.
მეორე ნაწილი საინვესტიციო აქტივობისა - ეს არის შეღავათები, რაზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, და პროექტები, რომლებიც სხვადასხვა დროს ინიცირებული იყო სხვადასხვა ეტაპზე და გარკვეული გარემოებების გამო ვადაგადაცილებული ჰქონდათ, ახლა ვალდებულებები ჩამოეწერა. ეს ნიშნავს, რომ პროექტების დიდი ნაწილი ამოისუნთქავს და უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება. ახლა კარგად გამოჩნდება, ვის აქვს პროექტების შემდგომი განხორციელების უნარი და ვის არა. პროექტები, რომლებსაც ასეთი უნარი აქვთ, სავარაუდოდ უფრო სწრაფი ტემპით განვახორციელებთ.
და მესამე ნაწილი ინვესტიციების - ეს არის ის, რასაც მარეგულირებელი კომისია აკონტროლებს და უყურებს: განაწილების ქსელში და გენერაციაში უკვე არსებულ ობიექტებში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩვენ დავეთანხმეთ გამანაწილებელი კომპანიების წინადადებებს, გვქონდა არაერთი სამუშაო შეხვედრა და საინვესტიციო პაკეტი მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც თელასისთვის, ასევე ენერგო-პროსთვის. რატომ? იმიტომ, რომ ავარიები დიდწილად უკავშირდება მოძველებულ ინფრასტრუქტურას - ბოძები, სადენები უნდა გამოიცვალოს, ტრანსფორმატორები, ქვესადგურები უნდა შეკეთდეს და შემდგომ სისტემას ეტაპობრივად გახდება უფრო მდგრადი და ავარიების რაოდენობა შემცირდება.
მათ შორის, სახელმწიფო ელექტროსისტემამაც საკმაოდ მნიშვნელოვანი საინვესტიციო პაკეტი წარმოადგინა და გეგმავს მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, რაც სისტემის სტაბილურობასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილშიც საინვესტიციო აქტივობა მაღალი იქნება. მე, როგორც ეკონომისტი, ვვარაუდობ, რომ ენერგეტიკა, ისევე როგორც ბოლო პერიოდში ინვესტიციების თვალსაზრისით, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს შორის ერთ-ერთი მოწინავე იყო, მომდევნო წლებში კიდევ უფრო მოწინავე გახდება, როცა საქსტატი შესაბამის წლიურ მაჩვენებლებს შეაჯამებს და გამოაცხადებს. ვინაიდან, როგორც გენერაციაში, ასევე განაწილებასა და გადაცემაში ინვესტიციების მოცულობა უპრეცედენტოდ მაღალია, დაგეგმილი ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც, ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 7.2 პროცენტი შეადგინა - სოსო არჩვაძე
30.01.2026.12:26
2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 7.2 პროცენტი შეადგინა (მთლიანად 2025 წელს, წინასწარი შეფასებით - 7.5 %). აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 2.3-ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის 2025 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს (3.2%) - წერს ეკონომისტი, სოსო არჩვაძე, სოციალურ ქსელში.
როგორც არჩვაძე აღნიშნავს, 2025 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს 38.8 პროცენტით აღემატებოდა, რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (+18.8%) 2.1-ჯერ უსწრებს.
„2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა მდგრადი და სტაბილური განვითარების ტრაექტორიას, რის შედეგადაც ეკონომიკურმა ზრდამ წინა წლის დეკემბერთან 7.2 პროცენტი შეადგინა (მთლიანად 2025 წელს, წინასწარი შეფასებით - 7.5 %). აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 2.3-ჯერ აღემატება გლობალური ეკონომიკის 2025 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს (3.2%).
რეალურ გამოხატულებაში, 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი პანდემიამდელ, 2019 წლის დონეს 38.8 პროცენტით აღემატებოდა, რაც ანალოგიურ გლობალურ მაჩვენებელს (+18.8%) 2.1-ჯერ უსწრებს.
დეკემბერში, პირველად ბოლო ხუთი თვის მანძილზე (2025 წლის ივლისის შემდეგ) წინა თვესთან დაფიქსირდა დეფლაცია (-0.2%). წლიური ინფლაციის ტემპის აგრძელებს შემცირებას და დეკემბერში 4.0 პროცენტი შეადგინა (ცნობისათვის: ინფლაციამ დეკემბერში აშშ-ში შეადგინა - 2.7%, EU27 – 1.9%). ბოლო ორი თვის მანძილზე წლიური ინფლაციის 1.2 პუნქტით შემცირების პირობებში, სასურსათო კომპონენტის ინფლაცია შემცირდა 3.9 პუნქტით, თანაც, პირველად ბოლო 7 თვის მანძილზე (2025 წლის მაისის შემდეგ) აღარ აქვს ორნიშნა გამოსახულება (+8.8%). ამასთან, ნარჩუნდება ბოლო 14 თვის ტენდენცია (2024 წლის ნოემბრიდან), როდესაც სურსათზე ფასების წლიური ზრდა აღემატება ინფლაციის საერთო ტემპს; 2025 წლის დეკემბერში აღნიშნული სხვაობა 4.8 პროცენტული პუნქტი იყო.
ინფლაციის გაანგარიშებაში გამოყენებული 305 საქონელ-წარმომადგენლიდან ფასები შემცირდა 106-ზე, უცვლელი დარჩა 17-ზე, ხოლო გაიზარდა 182 დასახელების საქონელზე.
ინფლაციის შემცირების და ერთგვარი სტაბილიზაციის პროცესს ადასტურებს ისიც, რომ სხვაობა წლიურ (+4.0%) და ბოლო 12-თვიანი საშუალო (3.9%) ინფლაციებს შორის მინიმალურია (მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტი, მაშინ როდესაც გასული წლის დეკემბრის ანალოგიური მაჩვენებელი 0.8 პროცენტული პუნქტი იყო).
დეკემბერში ყოველდღიურად ახლადრეგისტრირებული საწარმოების საშუალო რაოდენობამ 198 ერთეული, ხოლო დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ - 18.3 მლრდ ლარი (+11.0%) შეადგინა.
საგარეო ვაჭრობის მხრივ, 2025 წლის დეკემბერში ექსპორტმა 673.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+22.5%). 2025 წლის დეკემბერში ექსპორტის მატების ტემპი 2.6-ჯერ აღემატებოდა იმპორტის მატების ტემპს (შესაბამისად, 22.5% და 8.8%). აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეხუთე თვეა (2025 წლის აგვისტოდან) ექსპორტის ზრდის ტემპი უსწრებს იმპორტის ზრდის ტემპს, რამაც დიდწილად განაპირობა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებლის გაუმჯობესება (2024 წ. – 32.3%, 2025 წ. – 36.4).
2025 წლის დეკემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მატების 45.3 პროცენტი მოდიოდა ექსპორტი მატებაზე, ხოლო 54.7 პროცენტი - იმპორტის მატებაზე.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია ადგილობრივი ექ სპორტის ზრდის ტემპი - 2025 წლის დეკემბერში წინა წლის დეკემბერს მან 135.3 მლნ. აშშ დოლარით გადაჭარბა (+58.1%) და 368.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი ერთ წელიწადში 12.3 პუნქტით გაიზარდა და 54.7 პროცენტი შეადგინა.
პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით, დღეეების რაოდენობა ყოველი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ადგილობრივი ექსპორტისათვის, შემცირდა 47 დღით - 2019 წლის 155 დღიდან 108 დღემდე. ამჟამად ექსპორტის ყოველდღიური მოცულობა (9.2 მლნ. აშშ დოლარი) პანდემიამდელ დონეს (6.4 მლნ. აშშ დოლარი) 43.1 პროცენტით აღემატება.
ადგილობრივი ექსპორტის სტრუქტურაში პირველი ადგილი ძვირფასი ლითონების მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 11.3-პროცენტიანი წილით. მთლიან ექსპორტში კი ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 38.6 პროცენტით.
უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში გაწეული ხარჯების წლიურმა მოცულობამ რეკორდულად მაღალ - 5.5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამჟამად არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობით მოსახლეობის ერთსა და იმავე რაოდენობაზე საქართველოს მაჩვენებელი საშუალო გლობალურ მაჩვენებელს 2.8-ჯერ აღემატება.
2025 წლის დეკემბერში უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმა ბოლო 30-თვიან პერიოდში (2023 წლის ივნისის შემდეგ) მაქსიმუმს მიაღწია და 337.9 მლნ აშშ დოლარი (+18.4%), ხოლო წმინდა ტრანზაქციებმა – 297.1 მლნ აშშ დოლარი (+18.5%) შეადგინა.შემოსული ტრანზაქციების 74.1 პროცენტი ექვს ქვეყანაზე მოდიოდა (აშშ, იტალია, რუსეთის ფედერაცია, გერმანია, საბერძნეთი და ისრაელი), სადაც ქართული შრომითი ემიგრაცია ყველაზე მრავალრიცხოვანია.
2025 წელს ამერიკიდან საქართველოში განხორციელებულმა წმინდა ტრანზაქციებმა 668.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც რუსეთიდან განხორციელებულ ანალოგიურ მაჩვენებელზე 248.7 მლნ. აშშ დოლარით (59.3%-ით) მეტია. იმავდროულად, საქართველოდან რუსეთში 2025 წელს გადაირიცხა 48.0 მლნ. აშშ დოლარი, რაც ამერიკაში გადარიცხულ მაჩვენებელს (14.0 მლნ. აშშ დოლარი) 3.4-ჯერ აღემატება.
მაღალი ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის, ტურისტული შემოსავლებისა და შემოსული ფულადი გზავნილების ზრდა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ფინანსურ და ფულად-საკრედიტო სისტემაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – თითქმის 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. უახლესი მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ის 2.1 პროცენტამდეა შემცირებული.
ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურისტული შემოსავლების მატება მნიშვნელოვნად აძლიერებს საქართველოს როლსა და ინტეგრაციას შრომის საერთაშორისო დანაწილებისა და გლობალური ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში.
უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პარამეტრების თანმიმდევრული გაუმჯობესება, დაბალი დეფიციტი, სამთავრობო ვალის მშპ-თან თანაფარდობის შემცირება, ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა, საგადამხდელო ბალანსის გაუმჯობესება, სავალუტო რეზერვების ზრდა, საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირება მთლიანობაში ქმნიან კუმულატიურ პოზიტიურ ეფექტს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის მყარ და დინამიურ განვითარებას, ინსტიტუციურ გამძლეობისა და გრძელვადიანი პროგრესის რეალურ და ხელშესახებ ტენდენციას.“ - წერს სოსო არჩვაძე.