გენადი არველაძემ სერბ კოლეგასთან ერთობლივი ეკონომიკური კომისიის გამართვა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სერბეთის რესპუბლიკის ადგილობრივი და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ნიკოლა სტოიანოვიჩს შეხვდა.
შეხვედრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ამასთან, ხაზი გაესვა იმ პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიმდინარე კონსულტაციები და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადების გაკეთება.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება - 2025 წლის ივნისიდან რეისი თბილისსა და ბელგრადს შორის კვირაში სამი სიხშირით სრულდება. აღინიშნა, რომ პირდაპირი ფრენების დაწყებამ ხელი შეუწყო ტურისტული ვიზიტების ზრდას.
შეხვედრაზე ქართული მხარე მიესალმა სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, თბილისში საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ საქართველოში სერბეთის მუდმივმოქმედი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის დაახლოებას.
სხვა სიახლეები
23.10.2025.15:30
ენერგეტიკის სექტორი სტრატეგიულია და ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც მიმართულია იმისკენ, რომ ეს დარგი ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარდეს.
„ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, სადაც ენერგეტიკა არის მთავარი განმსაზღვრელი ამა თუ იმ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რესურსი აქვს მწვანე ენერგიის გენერირების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს ჰიდრორესურსები, ასევე ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალი. ჩვენთვის აღნიშნული სექტორი სტრატეგიულია და ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი. გვინდა, რომ ამ სექტორის განვითარებას განსაკუთრებული როლი მიენიჭოს მომდევნო წლების განმავლობაში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც სწორედ ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო განვითარებისკენ არის მიმართული,“ – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, სემეკი ენერგეტიკის მიმართულებას უწევს ზედამხედველობას და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
„მინდა სემეკს მივულოცო 28 წლის იუბილე და აღვნიშნო, რომ ის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ეკონომიკის სტაბილურობისთვის, რომელიც ზედამხედველობას უწევს ენერგოსისტემას. დღევანდელ ფორუმზე ვისაუბრეთ იმაზე, რა როლი უნდა მიენიჭოს სისტემის მოდერნიზაციას, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ენერგეტიკული სექტორი ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებაზე, რაც სისტემის ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე.