გენადი არველაძემ ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოსთან კონსულტაციები გამართა
ყურის თანამშრომლობის საბჭოსა (GCC) და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის მომზადების მიზნით, GCC - ის სამდივნოს დელეგაციასთან კონსულტაციები გაიმართა.
საქართველოს მხარეს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაციას კი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გენერალური დირექტორი აბდულრაზა ალრაიდი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სტრუქტურა და კონკრეტული მიმართულებები, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, ვაჭრობაში დაცვითი ზომები, წარმოშობის წესები, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები.
როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან კონსულტაციები ნაყოფიერად და რაც მთავარია, განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. „ჩვენ GCC - ის მხარესთან უკვე განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები. საქართველო მიესალმება საბჭოს წევრ - სახელმწიფოებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას.
მიგვაჩნია, რომ შეთანხმება იქნება ხელსაყრელი როგორც საქართველოსთვის, ისე საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის. იმედი გვაქვს, რომ GCC-ს საბჭო ანგარიშს მოკლე ვადებში მოამზადებს, ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს 2026 წლის პირველ კვარტალში წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, მხარს დაუჭერს მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ," - აღნიშნა გენადი არველაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში გამართულ შეხვედრას წინ უძღოდა საუდის არაბეთში, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს გაიმართა.
სხვა სიახლეები
სასურსათო პროდუქტებზე ფასების დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება - კახა კალაძე
25.12.2025.16:00
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა,
„ფასების რეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. მოდი, დაველოდოთ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფით დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტების ფასის რეგულირებაზე, მერი პასუხობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს ეწინააღდეგება, რაც ქვეყანაში კარგი ხდება.
„თუ დააკვირდებით მათ ქმედებებს, ყველაფერს ეწინააღდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნას აყენებენ. ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებირივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ჩვეულებრივი მოღალატეები და ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან - რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.