გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები - შემოსავლების სამსახური ყულევის საზღვაო ნავსადგურში შესულ გემზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, ყულევის საზღვაო ნავსადგურში შემოვიდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ,,NOSTOS“ (რეგისტრაციის ნომრით 9258014), რომელზეც დატვირთული იყო რუსული კომპანიიდან, ერთ-ერთი უცხოური შუალედური კომპანიის მიერ, ქართული კომპანიისთვის (უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან) გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურაში მოქცევისთვის განკუთვნილი 40 143 ტონა ნედლი ნავთობით.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე, ასევე ტვირთზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში - მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება.
შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
12.01.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1503 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6967 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6967 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1503 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1405 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0098 ლარი შეადგინა.