გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4%, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტსა და ფართო რეგიონში, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ სტაბილურობას, თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას - პრემიერი
ჩვენთვის, ყოველ ჯერზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, ეს გვაძლევს ერთმანეთთან მოსაზრებების, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, გასული 4 წელი საქართველოსთვის იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და საშუალო წლიურმა ზრდამ 9.4% შეადგინა. საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულ განვითარებას.
„შარშან გვქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც ვსაუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე, ყველა მიმართულებით ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლასა და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-2024 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ფართო რეგიონში. მოხარულები ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8 % რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტსა და ჩვენს ფართო რეგიონში,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
28.09.2025.22:01
პარლამენტის წევრი, ვაკო თურნავა EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზის განახლებას ეხმიანება და აცხადებს რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული მდგრად და გრძელვადიან ტენდენციაში გადაითარგმნოს.
„EBRD-ის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7%-ით გაიზრდება, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს შორის აყენებს. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს არის წლების განმავლობაში გატარებული გონივრული საბიუჯეტო და მონეტარული პოლიტიკის, ღრმა სტრუქტურული რეფორმებისა და ჩვენი მთავრობის მიერ, პრემიერ-მინისტრის გონიერი ხელმძღვანელობით შექმნილი სტაბილური, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შედეგი. სწორედ ამ სწორმა რეფორმებმა გააძლიერა ინვესტორთა ნდობა და გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ამავე დროს, რეკორდული რაოდენობის ტურისტები და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ზრდის დინამიკას მთელ ქვეყანაში.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების ერთიანობა ჩვენი ქვეყნის პროგრესის მთავარი წინაპირობაა. ერთმანეთის მიმართ აგრესია და პოლარიზაცია ყველას გვაზარალებს და აფერხებს განვითარებას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, პატივისცემა და თანამშრომლობა.
ამ წარმატების შენარჩუნება და გაღრმავება ყველას გვჭირდება. ძლიერი ეკონომიკა იქმნება არამხოლოდ მთავრობის პოლიტიკით, არამედ ხალხისა და ბიზნესების აქტიური მონაწილეობითაც.
გადასახადების გადახდა არის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა, რომლითაც თითოეულმა მოქალაქემ და კომპანიამ შეიძლება შეიტანოს წვლილი. სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული საზოგადოების კატეგორია, რომლებიც გადასახადების თავის არიდებას ცდილობენ და მომხმარებლებს სთხოვენ თანხების პირად ანგარიშებზე ჩარიცხვას. ასეთი ფაქტები მომრავლდა. ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ დარეგისტრირდნენ როგორც ინდივიდუალურ მეწარმედ და გადასახადი მხოლოდ 1%-ია, ამასაც რომ არ იხდი – ეს მართლაც ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ამასთან, მინდა მოვუწოდო საფინანსო სექტორს, რომ მეტად გააკონტროლოს მსგავსი ჩარიცხვები და არ აღიქვას ისინი როგორც ჩვეულებრივი ტრანზაქცია, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება.
ერთად, გონივრული ხელმძღვანელობის გაგრძელებით, პოლიტიკური სტაბილურობის დაცვით და საერთო პასუხისმგებლობით, შევძლებთ ამ სწრაფი ზრდის გრძელვადიან კეთილდღეობად გარდაქმნას და უკეთესი მომავლის შექმნას თითოეული ქართველისთვის,” - აცხადებს ვაკო თურნავა.