გამოცდილი ინვესტორი ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, გამოცდილებით და ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით - ეს ხელშესახებია ხოლმე კონკრეტულ სექტორებში, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, სერვისთან და სხვა მიმართულებებთან - მარიამ ქვრივიშვილი
„წყლის მომავლის პირველ საერთაშორისო ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობასა და საქართველოს ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ინვესტორებს, ზოგადად, საკმაოდ დიდი ღირებულების მოტანა შეუძლიათ ქვეყნებისთვის და მეტწილად, ეს ცდება მხოლოდ კონკრეტული დარგების განვითარებას.
„გამოცდილი ინვესტორი ან ინვესტორთა ჯგუფი ქვეყანაში შემოდის ძალიან დიდი ცოდნით, დიდი გამოცდილებით, ისევე როგორც ხარისხის ამაღლების შესაძლებლობით - ამას ჩვენ განსაკუთრებულად ვხედავთ და ხელშესახებია ხოლმე კონკრეტულ სექტორებში, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, სერვისთან და სხვა მიმართულებებთან" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ცოდნა, გამოცდილება თუ სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო ინვესტორს ქვეყანაში მოაქვს. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მზარდია და ვითარდება ახალი პროექტები, მათ შორის, მინისტრმა აღნიშნა ისტორიული, 6.5 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში, რომელიც თბილისსა და გონიოში ორი ახალი პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
„მისასალმებელია ყველა ინვესტიცია, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამატებით დანახარჯებზე დამატებით ინვესტიციას კონკრეტული მიმართულებების განვითარების კუთხით, მაგრამ, მეორე მხრივ, განსაკუთრებით ღირებულია ის, რაც იქმნება ინვესტორების მხრიდან - ეს არის დამატებითი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, მათ შორის დასაქმების, ცნობიერების, განათლებისა თუ გარკვეული უნარ-ჩვევების გაზრდის, გაღრმავებისა და გაუმჯობესების თვალსაზრისით" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სხვა სიახლეები
თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
10.02.2026.17:53
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ციფრული გარემოს ხელშეწყობა, სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა თანხვედრაშია უსაფრთხოებასა და ნდობასთან. ჩვენი მიზანია ისეთი ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ინტერნეტი ემსახურება განათლებას, ინოვაციასა და ეკონომიკურ განვითარებას, ხოლო მოქალაქეები, განსაკუთრებით ბავშვები, დაცულნი არიან ონლაინ რისკებისგან," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამინისტრომ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ITU-ს მხარდაჭერით მოამზადა „საქართველოში ონლაინ უსაფრთხოების შეფასების ანგარიში და რეკომენდაციები", რომელიც ეფუძნება კვლევებს, გამოკითხვებსა და ანალიზს. „საქართველო ერთ-ერთი ლიდერია რეგიონში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის კუთხით და ეს მაჩვენებელი ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენი მიზანია, ბიზნესთან, ტექნიკურ საზოგადოებასა და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შევიმუშაოთ ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები, რათა ინტერნეტი იყოს მხოლოდ განვითარებისკენ მიმართული რესურსი," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
„Safer Internet Day 2026" გლობალური ინიციატივაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზებით წელს მერვედ ჩატარდა. წელს „უსაფრთხო ინტერნეტის დღის სლოგანია „ერთად უკეთესი ინტერნეტისთვის.